მამუკა ბახტაძე იან კელის შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა , - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

„ამერიკის შეერთებულ შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია, ის წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ სფეროში ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა - განათლება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერება, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ აშშ-ის ელჩს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგი, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, ის რეფორმები და ინიციატივები, რომელიც დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა, ციფრული საბაჟოს განვითარების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც გვქონდა 2017 წელს, გარდა ამისა, განვიხილეთ ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ ჩავდეთ 2018 წლის ბიუჯეტში, ასევე ვრცლად მიმოვიხილეთ ის რეფორმები, რომლის გატარებასაც მიმდინარე წელს ვგეგმავთ ფინანსთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესი აქვს ორმხრივ ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებულ შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ სფეროში ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იან კელის განცხადებით, მან მიულოცა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პოსტზე მისი მუშაობის პერიოდში, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ვიმედოვნებთ, რომ მასთან მომავალშიც გაგრძელდება პარტნიორობა. დღეს მომეცა შესაძლებლობა, მომესმინა ფინანსთა მინისტრის იდეები პრიორიტეტების, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, საპენსიო და განათლების რეფორმების შესახებ, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს პროგრამები, რომელიც ფინანსთა სამინისტროში შეერთებული შტატების ხაზინის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი ერთ-ერთი პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" დახმარებით ხორციელდება.

შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.