პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მკაცრდება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 11 იანვრიდან მკაცრდება პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის. კერძოდ, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში - 400 ლარით. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი - 4 000 ლარით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმა ორმაგდება. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი (გარდა ინდმეწარმისა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდმეწარმე, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი - 200 ლარით. წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებისას ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობისას ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი - 400 ლარით. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობის გამო 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი - 2 000 ლარით. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ბაზრის გაჯანსაღებას და პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის წესების დაცვას.

დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6830.pdf

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

2017 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით 138 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია 333 ნიმუში. რეალიზაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულია 37 ბიზნესოპერატორი.