„მაგთის“ მიერ ტარიფების გაძვირება მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება“

გასულ კვირას შპს „მაგთიკომმა“ ტარიფების ზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

კომპანიამ, ტარიფების ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებით, ინფლაციითა და დენის ტარიფის ცვლილებით ახსნა და განმარტა, რომ ეს ყველაფერი „პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე“.

იურიდიული კომპანია OK&CG-ის ადვოკატის ოთარ კაჭკაჭაშვილის შეფასებით, კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„იმ მოცემულობაში, როცა საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე ½ ნაწილი აქტიურად მოიხმარს ინტერნეტს, ხოლო კომპანია „მაგთიკომი“ აღნიშნულ სფეროში დომინანტი კომპანიაა, „შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება,“- განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ არ არსებობს შესაბამისი კანონი, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს და პრობლემის უპირველეს საფუძველს სწორედ სათანადო საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა აქტიურად მოუწოდებს ქვეყნებს,მათ შორის საქართველოს, იზრუნოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კანონმდებლობის განვითარებაზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოში მომხმარებელთა უფლებები კანონით დაცული არ გახლავთ. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წლის 8 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ მოცემული კანონი მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. ამდენად, ბაზარზე მოქმედი კომპანიები ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ მომხმარებელთა უფლებები კანონით არ არის დარეგულირებული, თუმცა სახელმწიფო და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია, იზრუნოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კანონის ამოქმედებაზე,“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

საადვოკატო ბიურო OK&CG საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით განიხილოს და მიიღოს (მხარი დაუჭიროს) „მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის“ რედაქციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულყოფილად დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას.

შეგახსენებთ, რომ „მაგთის“ განცხადებით, 18 იანვრიდან ტარიფი „ზერო პლუსის“ პირობებში შევა ცვლილებები: მაგთი/ბალი/ბანი - 3 თეთრი/წუთი; ჯეოსელი/ბილაინი/ფიქს. ქსელები - 10 თეთრი/წუთი; ზარის წამოწყება - 12 თეთრი; სტანდარტული ტარიფი 24თეთრი/წუთი. ამასთან, გაიზრდება მობილურის ინტერნეტპაკეტები. კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება; 5 ლარით ძვირდება 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი ეღირება; 4000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე გაძვირდება; 3 ლარით მოიმატებს და 18 ლარი გახდება 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი ეღირება.