მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Volkswagen Group-მა გასული წლის განმავლობაში 10,7 მილიონი ავტომობილის რეალიზება მოახერხა და მსოფლიო ლიდერობა ზედიზედ მეორედ შეინარჩუნა. მისმა იაპონელმა კონკურენტმა Toyota-მ კი გასულ წელს 10,35 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
Volkswagen Group-ი, რომლის შემადგენლობაშიც 12 საავტომობილო ბრენდია, 2017 წლის გაყიდვებით ასევე აუმჯობესებს საკუთარ 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რა დროსაც მან პირველად მოახერხა აქამდე წლების განმავლობაში ლიდერი ავტოკონცერნის Toyota-ს დამარცხება. იმ დროს გერმანულმა კონცერნმა 10,3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, იაპონელებმა კი 10,05 მილიონი.
გერმანული გამოცემა Bild am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ გაყიდვებიდან შემოსავალიც გაიზარდა და 2017 წელს 220 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როცა 2016-ში ეს ციფრი 217 მილიარდი იყო.
ორივე კომპანია 2017 წლის დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე დღეში, 20 იანვრისთვის გამოაქვეყნებს.
Volkswagen Group-ის შემადგენლობაშია ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდები როგორებიცაა Audi, Bentley, Bugatti, Lamborghini, Porsche, SEAT, Škoda და თავად Volkswagen. ასევე სატვირთო ავტომობილების კომპანიები MAN და Scania.
ხოლო Toyota-ს შემადგენლობაში ირიცხება თავად Toyota, Lexus, Daihatsu და Hino.
კოკა კვირკველია