პაველ დურინის მესინჯერი Telegram-ი გეგმავს საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმის ამუშავებას და კრიპტოვალუტის ჩაშვებას. როგორც TechCrunch-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, მესამე თაობის პლატფორმა მიიღებს სახელწოდებას Telegram Open Network, ხოლო თავად კრიპტოვალუტის სახელწოდება იქნება Gram.
ჩაშვების ფინანსირება მოხდება მონეტების პირველადი განთავსებით. მოსალოდნელია, რომ მისი მოცულობა იქნება საკმაოდ დიდი, რადგან პროექტის განხორციელება მოხდება არა ახალი სტარტაპის მქონე სახელიდან, არამედ ბრენდიდან, რომელმაც უკვე მოახდინა საკუთარი თავის რეკომენდირება ბაზარზე.
TechCrunch-ის მონაცემებით, Telegram-ი აღნიშნული პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის მობილიზებას გეგმავს, ხოლო ციფრული ვალუტის პოტენციური ჯამური ღირებულება 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე იქნება. გამოცემა აქვე აზუსტებს, რომ ეს ციფრები სავარაუდოა და შესაძლოა, მოგვიანებით მოხდეს მისი კორექტირება.
საერთო გაყიდვების დაწყებამდე კომპანია გეგმავს ინვესტორებს მოსთხოვოს მინიმუმ 20 მილიონი დოლარის გადახდა და თან ფულადი სახით და არა კრიპტოვალუტით. 200 მილიონი ერთეული Gram, ანუ 4% კრიპტოვალუტის შემქმნელების მხრიდან იქნება დარეზერვებული ოთხი წლის ვადით, 52%-ის მოცულობას დაიტოვებს თავად Telegram, რათა დაიცვას ის მოსალოდნელი სპეკულაციებისგან. დანარჩენი 44% კი განთავსდება როგორც საერთო, ასევე კერძო გაყიდვებში. ვალუტის რეალიზება მოხდება საგარეო ბირჟებზე და გამოიყენება თავად Telegram-ის შიგნით.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში Telegram ასევე ჩაუშვებს საკუთარ ელექტრონულ „საფულეს“. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ Telegram უკვე წარმოადგენს ურთიერთობის არხს იმ საზოგადოებაში, რომელიც კრიპტოვალუტით არის დაკავებული და ამიტომ პროექტის განვითარება მესინჯერის მხრიდან ამ მიმართულებით ბუნებრივია.
კოკა კვირკველია