ელექტროენერგიის გადასახადის სიდიდის მიხედვით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჰიდრორესურსით მდიდარია და შედარებით იაფი დენიც იწარმოება, როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი არა მარტო ამიერკავკასიის რეგიონში, არამედ დსთ-ის სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
საქართველოში დენი პირველი იანვრიდან გაძვირდა და, შედარებისთვის, მისი ღირებულება 1 კვტ/სთ-ზე 14,54 თეთრიდან 23 თეთრამდეა. სრულიად საპირისპირო ტენდენციაა სომხეთში, სადაც ელექტროენერგია ბოლო თვეების განმავლობაში გაიაფდა კიდეც, თუმცა ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საქართველოზე მაღალი ტარიფი მოქმედებს. სომხეთში ელექტროენერგიაზე დღეღამური ტარიფია დაწესებული, დღის საათებში მოხმარებული დენის გადასახადი 24 თეთრია, ხოლო ღამის ტარიფი 14,5 თეთრს შეადგენს.
ყველა სხვა მეზობელ სახელმწიფოში დენი უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. რუსეთში სხვადასხვა გადასახადი მოქმედებს თითოეული რეგიონისთვის, მაგრამ საშუალო შეწონილი ტარიფი დაახლოებით 15-16 თეთრის ფარგლებშია. ამდენივეა ტარიფი უკრაინაშიც - 15,5 თეთრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში.
აზერბაიჯანში ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია ისეთივეა, როგორიც საქართველოში და იქ ელექტროენერგიის საფასური, 300 კვტ/სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში, 10,7 თეთრს შეადგენს, ხოლო 300 კვტ/სთ-ს ზემოთ გადასახადი 16,8 თეთრია. თურქეთში დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 15-დან 18 თეთრამდეა. ყველაზე მეტად გადასახადი დიფერენცირებული ბელორუსშია, სადაც 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 9 თეთრიდან 24 თეთრამდე მერყეობს.
აქედან გამომდინარე, საშუალო ფასს თუ ავიღებთ, ჩვენზე ძვირი ელექტროენერგია მხოლოდ სომხეთს აქვს. ამ დროს საქართველოში, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე მეტი ჰიდრორესურსია, რომელმაც იაფი დენის წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი. რეალობა კი სულ სხვაგვარია, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტის გადახდა უწევთ.
ენერგეტიკოსებს სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ გადასახადი უსამართლოა, მეორე ნაწილის შეფასებით, უკვე მოქმედი ტარიფი საკმარისია ელექტროენერგიის საწარმოებლად, მაგრამ პერსპექტივაში დარგის განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.
ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის შეფასებით, საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი არასწორად დათვლილ მეთოდოლოგიას ემყარება და გაუმართლებლად მაღალია.
"ქვეყანაში არასწორი და უსამართლოდ დადგენილი სატარიფო პოლიტიკაა. ის არ არის დაანგარიშებული ისე, რომ რეალობასთან ახლოს იყოს. ელექტროენერგიის გადასახადი რეგიონში ყველაზე მაღალი საქართველოშია და ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ დროს საქართველო ჰიდრორესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ენერგოკომპანიებს წარმოუდგენლად დიდი უფლებები აქვთ მინიჭებული. ამ დროს ჰესები არც მათი აშენებულია და ჯერჯერობით, არც მნიშვნელოვანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული.
ტარიფის სიძვირით ერთადერთი სომხეთი გვისწრებს რეგიონში, მაგრამ მათ ჩვენსავით რომ ჰქონდეთ იაფი ჰიდრორესურსი, არც ასეთი მაღალი გადასახადი ექნებოდათ. როგორც ცნობილია, ინვესტიციები წინასწარ ტარიფში განუსაზღვრეს "თელასსაც" და "ენერგო პროჯორჯიასაც". ასევე უსამართლო ტარიფი დაუწესეს "ხრამი 1"-სა და "ხრამი 2"-ს, რაც არანაირ გათვლაში არ ჯდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭიჭინაძემ.
ენერგეტიკოსის აზრით, საქართველოში მოქმედ ენერგოკომპანიებს, სავარაუდოდ, არ აქვთ შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ახალი ტარიფის დადგენისას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
"გადასახადი შეიძლება დარეგულირდეს მარტივი მეთოდით, სქემით, რომელსაც ჰქვია იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც კომპანიებს საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით აკისრიათ. ამ პირობების გადახედვის შემდეგ სავსებით შესაძლებელია გადასახადის შემცირება, მაგრამ ჩვენთან პირიქით მოხდა. სამწუხაროდ, ყველა ასეთ ხელშეკრულებას ადევს გრიფი "საიდუმლო". კომპანიებს ასეულობით მილიონი დოლარის ვალდებულება არ შეუსრულებიათ. ტარიფის დადგენისას კი მთავარი სწორედ ამ ხელშეკრულებებში ჩადებული პირობებია, რაზეც სემეკ-ს ხელი არ მიუწვდება", - ამბობს ჭიჭინაძე.
კომპანიების მიერ დაგეგმილ ინვესტიციებზე ამახვილებს ყურადღებას პროფესორი გია არაბიძე, რომელიც, გარკვეულწილად, გადასახადის ზრდას ამართლებს კიდეც. იგი ასევე ამბობს, რომ სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია, რაც სამომავლოდ სოციალურ ფონს საგრძნობლად დაამძიმებს.
"საქართველოში თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგია იმპორტირებული გაზის ხარჯზე იწარმოება. გარდა ამისა, ძალიან მცირეა ისეთი სადგურების რაოდენობა (მაგალითად, ენგურჰესი), რომელთა მიერ გამომუშავებული დენი არის იაფი. სხვა ჰიდროელექტროსადგურებს საკმაოდ მაღალი ტარიფი აქვთ იმიტომ, რომ ახალი ინვესტიციებია, თავისი თავი ჯერ არ გამოუსყიდიათ. ამიტომაც ინვესტიციების ამოსაღებად ტარიფი არის მაღალი.
რეალურად იაფი სადგურები ძალიან ცოტა დაგვრჩა. ისიც, რაც გვაქვს, ჩვენვე რომ გვრჩებოდეს ან აფხაზეთი აქედან წაღებულ ელექტროენერგიაში 2 თეთრს მაინც იხდიდეს, სხვა რეალობა გვექნებოდა. 4 მლრდ კვტ/სთ-დან ენგურმა მხოლოდ ნახევარი მიიღო, დანარჩენი დაიკარგა და ესეც ჩვენი ტარიფის ხარჯზე უნდა დაიფაროს. ასეთია რეალობა, რომელიც რეგიონში გამოგვარჩევს.
მთლიანობაში, დარგისთვის ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომ ენერგოსისტემა საქართველოში განვითარების გზას დაადგეს, თუმცა აქ არის მეორე მხარე. ტარიფი გაიზარდა და ეს მომხმარებლისთვის ძალიან ცუდია. ამით სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. ცხადია, პროდუქტების გაძვირება და გაზრდილ ფასებთან გამკლავება რთულია, ეს საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება", - აცხადებს არაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას და დასძენს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად შესაცვლელია, რაც კომპანიების მხრიდან სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს.
"საქართველოში არის ძველი და ახალი ელექტროსადგურები, სადაც გარკვეული ინვესტიციები არის ჩადებული. სავალუტო პრობლემამ სერიოზულად დაგვაზარალა, ეს აისახა კიდეც ტარიფში. ფაქტობრივად, დოლარის კურსით ჩვენი ტარიფი 5-6 ცენტს არ აღემატება. როგორც მომხმარებელი, ვაცხადებ, რომ დენის გადასახადი არის ძვირი, მაგრამ როგორც ენერგეტიკოსს, სხვა მოსაზრება მაქვს.
ჩემი აზრით, მოქმედი ტარიფი დარგისთვის იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ გამომუშავდეს დაგეგმილი მოცულობის ელექტროენერგია, რაც გენერაციის პრობლემას მოხსნის, მაგრამ ამ ტარიფით სერიოზულ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ წინ. რეგიონზე რომ არაფერი ვთქვათ, თბილისში აბსოლუტურად შესაცვლელია ინფრასტრუქტურა. სადღა ნახავთ ქუჩაში გატანილ 35 ან 100 კვტ-იან ხაზებს!
ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, საიმედოობის გასაუმჯობესებლად და უზრუნველსაყოფად ეს ტარიფი არ არის იმდენი, რომ თავი ქუდში გვქონედს, მაგრამ ელექტროენერგიის საწარმოებლად საკმარისია. პერსპექტივაში პრობლემა მოსალოდნელია. მესმის, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არ ჰქონდათ იურიდიული უფლება, მომავალში გასათვალისწინებელი ინვესტიცია აესახათ ტარიფში. ამით სტიმული მისცეს ენერგოკომპანიებს, რათა მათ განახორციელონ სერიოზული ინვესტიცია დარგში", - აცხადებს გია არაბიძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"