ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მიიღონ , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მინდა ქართველ ექსპორტიორებს გავაცნო შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წლის 5-დან 10 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის იმპორტის გამოფენა ტარდება, სადაც საქართველო მიწვეულია, როგორც მნიშვნელოვანი სტუმარი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოფენაზე ქართველი ექსპორტიორები წავიყვანოთ, რომლებიც ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას გააცნობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ჩინეთიდან ტურიზმი 54 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით დიდია. აქედან გამომდინარე, პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ჩინეთის გამოფენაში მონაწილეობით ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის ჩვენი ქვეყნის ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.