ევროზონის თავდაჯერებულობის ინდექსი მრავალწლიან მაქსიმუმზეა

ევროპული კომისიის მონაცემებით, დეკემბერში ევროზონის ეკონომიკური სენტიმენტები იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ბიზნესის კლიმატის ინდიკატორი კი ახალ სიმაღლეებს აღწევს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ევროზონის ეკონომიკა მდგრად განვითარებას აგრძელებს.

ევროპული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში ეკონომიკის განწყობის ინდიკატორი 116.0-მდე გაიზარდა (ნოემბრის 114.6-დან). „როიტერსის“ გამოკითხვისას დაფიქსირებული მოლოდინი კი 114.8 იყო. ეს 2000 წლის ოქტომბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ეკონომიკის განწყობის ინდიკატორის რეკორდული მაჩვენებელი 119.0-ია და ის 2000 წლის მაისში დაფიქსირდა.

რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა ბიზნესკლიმატის ინდიკატორი, რომელმაც 1985 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს, 1.66-ს მიაღწია. ნოემბერში ინდიკატორი 1.49 ნიშნულზე იყო. ოპტიმისტური განწყობა ყველა სექტორში იგრძნობა, იქნება ეს მრეწველობა, მომსახურება, საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, თუ სხვა სფეროები.

მაგრამ ოპტიმისტური განწყობა, რომელიც მწარმოებლებს ფასების ზრდისკენ უბიძგებს, ჯერ არ აისახება ინფლაციურ მაჩვენებლებზე. სამომხმარებლო ფასების ზრდა, რომელიც მთავარი ფაქტორია საერთო ინფლაციისა, 1.4 პროცენტამდე შემცირდა. ნოემბერში ის 1.5-ის ნიშნულზე იყო. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ დასახული ინფლაციის მიზნობრივი დონე 2 პროცენტია.

კომისიის ყოველთვიური ანალიზი აჩვენებს, რომ დეკემბერში სამომხმრებლო ფასების ინფლაციის მომდევნო 12 თვის მოსალოდნელი მაჩვენებელი 13.6 ქულაზეა, როცა ნოემბერში ის 16.0 ქულამდე იყო გაზრდილი.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათწლეულში ევროზონის ეკონომიკა ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება, ეს არ აისახება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ეს კი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ECB-ს გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს. თუმცა გერმანია და ევროზონის სხვა მდიდარი ქვეყნები, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობიან.

ECB აცხადებს, რომ აქტივების შესყიდვას მინიმუმ სექტემბრამდე გააგრძელებს და უფრო დიდხანს დატოვებს დაბალ საპროცენტო განაკვეთს, რათა ინფლაციის დონემ მიზნობრივ 2-პროცენტიან ზღვარს მიაღწიოს. ეს კი გერმანიის, ჰოლანდიის და სხვა ჩრდილოური ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი თვლიან, რომ ეკონომიკის ზრდა საკმარისად მყარია იმისთვის, რომ ევროზონამ მონეტარული პოლიტიკის გამყარება დაიწყოს.