„თუ რამე გადასახედი და ახალი გუნდის პროგრამასთან შესაბამისობაში მოსაყვანია, ბუნებრივია ეს უნდა მოხდეს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გენგეგმასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დედაქალაქის ყოფილმა მერმა, „სემეკის“ წევრმა დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
„გენერალურ გეგმაზე ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. მომზადდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ქალაქს არასოდეს ჰქონია. ქალაქის ახალ ადმინისტრაციასთანაც იყო შეთანხმება, რომ დოკუმენტი ახალ საარჩევნო პროგრამასთან და მიდგომებთან შესაბამისობაში უნდა მოსულიყო. მე შემეძლო გენგეგმის დოკუმენტი, რომელიც ჩავიბარეთ დასამტკიცებლად საკრებულოში გადამეგზავნა, თუმცა, როდესაც რამდენიმე დღეში ახალი ადმინისტრაცია მოდიოდა ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ამიტომ, თუ ამ თვალსაზრისით რამე გადასახედი და ახალი გუნდის პროგრამასთან შესაბამისობაში მოსაყვანია, ბუნებრივია ეს უნდა მოხდეს და ამის შემდეგ გადაიგზავნოს საკრებულოში,“-აღნიშნა ნარმანიამ.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ დოკუმენტი ჯერ კიდევ ყოფილი მერის დავით ნარმანიას პერიოდში წარადგინა მერიაში. რის შემდეგაც გასული წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში გენგეგმის დოუმენტის საჯარო განხილვებიც გაიმართა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ თბილისის ახალმა მთავრობამ გენგეგმაში ხარვეზები აღმოაჩინა, კომპანია დააჯარიმა და ადგილობრივ ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება საერთოდ გააუქმონ.
ცნობისთვის, გენგეგმის მოსამზადებლად მერიამ დაახლოებით 3 მილიონი ლარი გადაიხადა.