დოლარი გაიაფდა

ამერიკულ დოლარის კურსი ექვს წამყვან ვალუტასთან მიმართებით, დღეს მცირედით შემცირდა.

ამის ძირითადი მიზეზი გახდა ფედრეზერვის წევრთა განსხვავებული მოსაზრებები დოლარის საპროცენტო განაკვეთის აწევის სიხშირესთან დაკავშირებით. პარალელურად, ინვესტორები აშშ-ის ინფლაციის მონაცემებს ელიან, რომლებიც პარასკევს გამოქვეყნდება.

გასულ პარასკევს ფედრეზერვის კლივლენდის ფილიალის პრეზიდენტმა ლორეტა მესტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის სწრაფი განვითარება და უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლები, წელს დოლარზე განაკვეთის ოთხჯერ აწევის საშუალებას იძლევა. მაგრამ შაბათსვე მისი ოპტიმიზმი ფედრეზერვის სან-ფრანცისკოს ფილიალის პრეზიდენტმა, ჯონ უილიამსმა გააქარწყლა, რომელმაც თქვა, რომ ფედრეზერვმა დოლარზე განაკვეთი მხოლოდ სამჯერ უნდა აწიოს და ისიც აღნიშნა, რომ ეკონომიკა გადასახადების შემცირებითაც იხეირებს.

მართალია, პარასკევს გამოსაქვეყნებელ სტატისტიკას მთელ წელიწადზე ნაკლები გავლენა ექნება, თუმცა ინვესტორები მას მაინც მოუთმენლად ელიან, რადგან ინფლაციის ზრდის მაღალი ტემპის შემთხვევაში, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ფედრეზერვის დოლარზე განაკვეთს ოთხჯერ აწევს, რაც დოლარის კურსსაც აწევს.

დღევანდელი მონაცემებით, დოლარის ინდექსმა, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვს წამყვან ვალუტასთან შეწონილ კურსს ასახავს, 0.11 პროცენტით, 92.13-მდე დაიკლო. ცნობისათვის, წინა კვირის მაქსიმუმი 92.36 იყო.

ევროსთან წყვილში ამ დილით დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა შუადღის შემდეგ ევროპული ვალუტის კურსი 1.2015-მდე გაიზარდა. უფრო მცირე ზრდა დაფიქსირდა ბრიტანული სტერლინგის და დოლარის წყვილში, რომლის ფასიც ამჟამად 1.3555-ის სიახლოვესაა. სტერლინგის ოდნავ გამყარებას ხელი გადამამუშავებელ მრეწველობაში წარმოების მოცულობის ზრდამ შეუწყო.

იაპონურმა იენმა წინა დღით დაწყებული ზრდა გააგრძელა. მასთან წყვილში დოლარი 0.82 პროცენტით, 111.34 იენამდე შემცირდა და სავარაუდოდ, კლებას გააგრძელებს. ასეთი შემობრუნება გამოიწვია იაპონიის ბანკის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობას ცვლის. ამან ინვესტორებს მიანიშნა, რომ იაპონიის ბანკი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების გზას ადგას.

მერაბ ლორთქიფანიძე