„რეზონანსი" - წელს ქვეყანას 3 მლრდ დოლარზე მეტი ვალის გასტუმრება მოუწევს

2018 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 3,184 მილიარდი დოლარი გავა.

ამ თანხის გაღება ქვეყანას მთელი წლის განმავლობაში საგარეო ვალის გადასახდელად მოუწევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საგარეო ვალის მოცულობას პრობლემად არ მიიჩნევს სპეციალისტთა ნაწილი, რადგან, მათი აზრით, თანხა სხვადასხვა სექტორშია გადანაწილებული: ნაწილი კი ფიქრობს, რომ წინა წლებთან შედარებით, 13%-ით გაზრდილი საგარეო ვალის დაფარვა კერძო სექტორებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც ხდება, რაც ეკონომიკასა და მოსახლეობას ტვირთად აწვება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველ კვარტალში გადასახდელი თანხა, ჯამში, 1.M078 მილიარდ დოლარს შეადგენს, მეორე კვარტალში - 1.008 მლრდ დოლარს და 2018 წლის ბოლო თვეებში - 1,097 მილიარდ დოლარს.

საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამთავრობო სექტორს 97,8 მლნ დოლარი საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს, ეროვნულ ბანკს - 0,6 მლრდ დოლარის, კომერციულ ბანკებს – 336,4 მლრდ დოლარის. განახლებული გრაფიკის მიხედვით, სხვა სექტორს 445 მლრდ დოლარი ვალის დაფარვა მოუწევს.

კომპანიათაშორისი სესხებისთვის გადასახდელი თანხა 198,5 მლრდ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ საგარეო ვალის ოდენობა 2016 წლის შემდეგ 44%-დან 57%-მდე გაიზარდა (სამთავრობო ვალი, ეროვნული ბანკისა და დეპოზიტური კორპორაციების ვალი). მისი თქმით, ვალის მოცულობას ჯერ კრიტიკული მაჩვენებლისთვის არ გადაუჭარბებია. თუმცა ზედა ზღვარს საკმაოდ მიუახლოვდა. ვალის მოცულობის ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობებს, რადგან მისი აღების დროს სხვა კურსია, ხოლო გასტუმრებას გაზრდილი კურსი ემთხვევა.

"მთლიან შიგა პროდუქტში საკმაოდ მომატებულია ჩვენი ვალი. 2016 წელს თუ გვქონდა 44%, ახლა, სამი კვარტალის მონაცემებით, გაზრდილია 57%-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნებისთვის საგარეო ვალის ზედა ზღვარი 60% უნდა იყოს. ჯერ კრიტიკული მაჩვენებლისთვის არ გადაგვიჭარბებია, მაგრამ ამ ზღვარს ნელ-ნელა ვუახლოვდებით და საკმაოდ რთულ პირობებში აღმოვჩნდებით.

დაფარვას რაც შეეხება, ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება, რადგან ძირითადად კერძო სექტორს აქვს აღებული ვალი, თუმცა ბოლო დროს გაიზარდა სამთავრობო ვალის წილიც. სწორედ ეს უქმნის პრობლემას ქვეყანას, რადგან ბიუჯეტიდან ხდება მისი დაფარვა. თავად ბიუჯეტი კი გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული ფულით ივსება, რაშიც წვლილი თითოეულ მოქალაქეს შეაქვს. საგარეო ვალის პრობლემურობა ჩანს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლარი გაუფასურებულია, რადგან უფრო მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე თავის დროზე ავიღეთ. სესხი გვიძვირდება კურსის ცვლილების გამო", - განუცხადა "რეზონანსს" მაკალათიამ.

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, საგარეო ვალისთვის 3,184 მლრდ განსაკუთრებული მოცულობა არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ვალი რამდენიმე სექტორზეა გადანაწილებული, ეს 2018 წელს ნეგატიურ პროცესებს არ გამოიწვევს.

"3,184 მლრდ განსაკუთრებული მაჩვენებელი არ არის, თან გადანაწილებულია თანხები, ნაწილი საბანკო სფეროზე, ნაწილიც კომერციულ სექტორზე და მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის სახელმწიფო ბიუჯეტზე. რა თქმა უნდა, დიდი ვალი ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უცხოური ვალუტა გადის, თუმცა მისი აღებისას ქვეყანაში დოლარი შემოედინება. შეიძლება 3 მლრდ მთლიანად არც გავიდეს ქვეყნიდან, ან რეინვესტირება, ან რესტრუქტურიზაცია მოხდეს.

კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, დოლარი გადის ქვეყნიდან, რამაც შეიძლება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გააჩინოს და ლარის გაუფასურებას შეუწყოს ხელი. ეს უნდა დაბალანსდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ფულადი გზავნილებით და ა. შ. ასეთ შემთხვევაში 3 მლრდ-ის გასტუმრებაც არ იქნება განსაკუთრებულად პრობლემური", - განუცხადა "რეზონანსს"

ჯანიაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"