იაპონური ტექნოლოგიური კომპანია Sony-ის პოპულარულმა რობოტმა „აიბომ“ ახალი შესაძლებლობები დაისწავლა.
ამიერიდან მას შეუძლია ცეკვა, ძვლის პოვნა და ოჯახის წევრების სახის ამოცნობაც.
Aibo-ს ახალი შესაძლებლობების დემონსტრირება ლას ვეგასში მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენაზე CES 2018-ზე მოხდა, სადაც მის სანახავად უამრავი დამთვალიერებელი და მედიის წარმომადგენელი შეიკრიბა.
განახლებული ძაღლის ღირებულება დაახლოებით 1740 დოლარია და მისი შეკვეთები ჯერ კიდევ ნოემბერში გაკეთდა, ხოლო მიწოდების დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ის ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ ამ ლამაზ ლეკვს ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი შესაძლებლობების გარდა, შეუძლია პატრონთან საუბარი და თამაში - მაგალითად, ბურთის მოტანა, კუდის ქიცინი და თავის დაქნევა, მას ესმის ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისური და იაპონური ენები, თუმცა უახლოეს მომავალში სხვა ენებიც დაემატება.
რობოტს კამერა ცხვირზე აქვს დამაგრებული, ხოლო მისი თვალები „ლედ“ ეკრანისგან დამზადდა, რაც მას უფრო რეალისტურს ხდის.
ამ დრომდე „აიბოს" მთავარი დანიშნულება იყო კარგი კომპანიონი რობოტი ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე დამატებითი ფუნქციის დასწავლით ის უკვე კარგი ასისტენტის ფუნქციასაც ითავსებს.
შეგახსენებთ, "აიბო" კომპანიამ პირველად 1999 წელს წარმოადგინა და ის იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი პირველი 3 ათასი ეგზემპლარი ონლაინ 20 წუთში გაიყიდა. თუმცა, ამის შემდეგ კომპანიამ „აიბოს“ ორი მომდევნო თაობა წარმოადგინა, რომლებიც უფრო იაფი ღირდა, მისი წარმოება კი საბოლოოდ, 2006 წელს შეაჩერა. და აი, ახლა, 12 წლიანი პაუზის შემდეგ ის კვლავ ბრუნდება ახალი შესაძლებლობებით.
კოკა კვირკველია