თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვების ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს ეფექტიანობის 19 აუდიტს ჩაატარებს.

როგორც აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, ჩატარდება მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის ეფექტიანობის აუდიტი; თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანობის აუდიტი სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდის, კვების და მათი უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით;

ქალაქ ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა; საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია; აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი; ოჯახური ძალადობის პრევენცია და დაცვის ღონისძიებები; მესამეული ჯანდაცვა - სტაციონარული პაციენტების ხანგრძლივი დაყოვნება ჰოსპიტალში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობის აუდიტს; სამშენებლო ნებართვების ეფექტიანობის აუდიტს თბილისის მერიაში;

სახანძრო უსაფრთხოებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტს; ქონების მართვას თავდაცვის სამინისტროში; ძალოვანი სისტემის უნიფორმით უზრუნველყოფის ღონისძიებების ეფექტიანობას; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობას.

ასევე ჩატარდება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონული სისტემების ეფექტიანობის აუდიტი; სახელმწიფო ქონების პრივატიზების ეფექტიანობის აუდიტი; უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის აუდიტი და ინფექციის კონტროლი ჯანმრთელობისა და ესთეტიკის ცენტრებში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტებით დაიფარება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 86%.

2017 წელთან შედარებით, რაოდენობა 16 აუდიტით (19%-ით), ხოლო ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით იზრდება. ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 11,112,289 ათასი ლარია.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 25 უწყებაში ფინანსური აუდიტი ჩატარდება, 58 უწყებაში შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 19 უწყებაში ეფექტიანობის აუდიტი.