საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, გიორგი ჭანტურია, მიმდინარე წლის 10 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარის თანამდებობას დაარსებიდან - 1995 წლიდან 2004 წლამდე იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი სახელი პოლიტიკურ საქმიანობასთანაც იყო დაკავშირებული და 2010 წელს დედაქალაქის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავის დროზე გიორგიჭანტურია ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო და მეტიც, შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიტიკურ კულუარებსა და მედიაშიც ხშირად სახელდებოდა შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრედ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას გია ჭანტურიას განათლების, საქმიანობის და მის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
1982 წელს გია ჭანტურიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად კი რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
1994-1996 წლებში იყო საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო 1995-1996 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.
მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ჭანტურია ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, ის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე აღარ აქტიურობდა. მოგვიანებით კი საქართველოც დატოვა და რამდენიმე წელი აზერბაიჯანში მუშაობდა. მისმა გამგზავრებამ მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჭანტურია შესაძლო დაპატიმრებას გაექცა. მედიის ცნობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსანი ჭანტურია ინტერპოლითაც კი იძებნებოდა. თუმცა, თავად მისი ქვეყნიდან შესაძლო გაქცევის შესახებ გავრცელებულ ინფორმციას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ საქართველო 2004 წელს საკუთარი ნებით დატოვა და 2007 წელს როგორც მეურნე ისე დაუბრუნდა. ამასთან, 2010 წელს, როდესაც ის დედაქალაქის მერობაზე იყრიდა კენჭს, ჭანტურია აცხადებდა, რომ მისი ქვეყნიდან წასვლა პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა და თითქმის სამი წელი იმუშავა აზერბაიჯანში პროექტზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მარშრუტში ყაზახეთის ჩართვას უკავშირდებოდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გია ჭანტურია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ სწორედ 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.
„ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ვინაიდან თავს პოლიტიკოსად არ ვთვლი, ამ შეცდომებით ქვეყანა არ დამიზარალებია,“- ამბობდა 2010 წელს ჭანტურია. ის მის მთავარ მიღწევებზეც საუბრობდა და აცხადებდა, რომ წარსული მოღვაწეობის მთავარ მიღწევად, საქართველოში სამხრეთკავკასიური ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტების განხორციელება მიაჩნდა.
რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებს, გია ჭანტურიას უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მოხდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განხორციელება და მშენებლობა.
კერძოდ, 1997 წელს გიორგი ჭანტურიამ ხელი მოაწერა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის აღდგენის შესახებ კონტრაქტს. დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ბაქო-სუფსას მილსადენის სახელითაა ცნობილი, 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანია BP-ის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა საქართველოში.
ამის შემდეგ იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რომლის კონტრაქტსაც ჭანტურიამ ხელი 2002 წელს მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. ამასთან, მილსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენია და მისი სიგრძე 1768 კმ-ია.
2003 წელს კი სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP), იგივე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, გაყვანის შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. გაზსადენის დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება.
მისი მშენებლობა 2006 წელს დასრულდა და მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის.
ამასთან, გიორგი ჭანტურია ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული.