ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ციფრულ ვალუტებს და მათ შორის ბიტკოინს, ვალუტად არ აღიარებს.
უფრო მეტიც, ბანკი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტების გასაკონტროლებლად, რეგულაციების შემოღება ძნელია და რომ ქვეყნის ბანკებისა და მათი კლიენტებისთვის, ასეთი ოპერაციები დიდი რისკის შემცველია.
ბანკის მმართველის მოადგილე, ნადინ ბოდოტ-ტრაიტენბერგის თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე საზოგადო საჩივარი იმ შემთხვევების გამო, რომ მომხმარებლები საკუთარი ანგარიშებიდან, ბიტკოინის საყიდლად ტრანსფერების შესრულებას ვერ ახერხებდნენ. ასეთი პრობლემის მოგვარება კი ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია. მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსაც შექმნიათ.
„ისრაელის ბანკის პოზიცია ასეთია - ციფრული ვალუტები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ფინანსური აქტივები“, - ისრაელის პარლამენტის ფინანსური კომიტეტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა ოდოტ-ტრაიტენბერგმა. მანვე დასძინა, რომ ბიტკოინის ინვესტორთა საქმიანობაზე მთავრობა პასუხისმგებელი არაა. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი ვირტუალური ვალუტების საკითხს სწავლობს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მიმართულებით რეგულაციები პრაქტიკულად არ არსებობს, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია.
ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბიტკოინია, რომლის ფასმაც დეკემბერში 20 000 დოლარს მიაღწია. შემდეგ 12 000-ს ჩამოსცდა და ამჟამად 15 000 დოლარის ფარგლებშია.
ბიტკოინი მოპოვებადი ვალუტაა და მისი რიცხვი შეზღუდულია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფული და მას ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებს. მოპოვება კი კომპიუტერებით, ციფრულ სამყაროში ხდება. კომპიუტერი რთულ მათემატიკურ ფორმულებს ხსნის, რა დროსაც ხდება ბიტკოინის მოპოვება.
კომიტეტთან შეხვედრაზე, რომელზეც ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებზე მსჯელობა გაიმართა, ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს მიეცათ რეკომენდაცია, რათა მათ შესაბამისი რეგულაციები მოამზადონ, რომლითაც შესაძლებელი გახდება მათი კონტროლი. კომიტეტის თავმჯდომარემ, მოშე გაფნიმ ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ მათ ერთ თვეში წარმოადგინონ საკუთარი ხედვა იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ბიტკოინის და მისი მსგავსი ვალუტების შესაგუებლად.
ოდოტ-ტრაიტენბერგი ამბობს, რომ ციფრული ვალუტების ანონიმურობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ისინი ფინანსური კრიმინალის, თაღლითობის, ფულის გასათეთრებლად და სხვა არალეგალური საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული. ისრაელის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სამსახურის შეფი, შლომიტ ვაგმანი ამბობს, რომ დაწვრილებითი გამოკვლევაა საჭირო იმისათვის, რომ ციფრული ფული საკუთარი საქმიანობისთვის არ გამოიყენონ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა.