ციფრული ვალუტების ბაზარმა მორიგი დარტყმა სამხრეთ კორეისგან მიიღო, რომლის მთავრობაც, ამ ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას გეგმავს.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ, ასევე კორეელი სამართალდამცავების და საგადასახადო სამსახურების მიერ, სამხრეთკორეული ბირჟების შემოწმებამ (რომლის მიზეზიც, გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ვარაუდი იყო), ბიტკოინის და სხვა (არა ყველასი) ციფრული ვალუტების ფასის კლება გამოიწვია.
სამხრეთ კორეა ციფრულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილეა იაპონიასთან ერთად. ბუნებრივია, იქ შეზღუდვების დაწესება, გლობალურ ბაზარზე ძლიერ ზემოქმედებას იქონიებს. ამავდროულად, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ, რომ ციფრული ვალუტების ბაზრის გაკონტროლება შეუძლებელია. გარდა ამისა, ასეთი ვალუტები ფულის გათეთრების და შემოსავლების დამალვის საშუალებას იძლევა, რაც მთავრობებისთვის მიუღებელია.
სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრი პარკ სან-კი ამბობს, რომ მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ქვეყნის გადამცვლელ პლატფორმებს, ციფრული ვალუტებით ვაჭრობა აეკრძალებათ. მოგვიანებით, ქვეყნის საპრეზიდენტო ოფისმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტი ჯერ არ ნიშნავს სრულ აკრძალვას და რომ ამ საკითხზე, სხვა ქმედებებიც განიხილება.
მინისტრის განცხადების შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზე ბიტკოინის ფასი 21 პროცენტით დაეცა. ლუქსემბურგში ბაზირებულ „ბიტსტამპის“ პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 10 პროცენტით, 13 199 დოლარამდე დაეცა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აკრძალვა და შეზღუდვა ციფრული ვალუტებით ვაჭრობას კი გაართულებს, მაგრამ სამხრეთ კორეის მოქალაქეები ინტერნეტით მაინც შეძლებენ საზღვარგარეთული, მათ შორის იაპონური გამცვლელი პლატფორმებით სარგებლობას.
კორეული ბლოკჩეინის ინდუსტრიის ასოციაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეულ პლატფორმებზე, ათზე მეტი ციფრული ვალუტით ვაჭრობენ. მაგრამ ბევრი კორეული ბანკი, ბიზნესის ამ ახალ სფეროში ჩართვისგან თავს იკავებს.
სამხრეთ კორეის სამართალდამცავებმა და საგადასახადო სამსახურმა, „კოინონის“ და „ბიტჰამბის“ პლატფორმები შეამოწმეს. რეიდის მიზეზი, გადასახადებისგან თავის არიდების ეჭვი გახდა. უფრო ადრე, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ, ციფრული ვალუტების კორეული პლატფორმების ფინანსური საქმიანობის გაკონტროლების საჭიროებაზე გააკეთა განცხადება. ცნობისათვის, კორეული ციფრული ვალუტების პლატფორმების დღიური ბრუნვის მოცულობამ, ადგილობრივი „კოსდაქ“-ის ინდექსის მოცულობას გადააჭარბა.