ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა ბიტკოინს შეუძლია გახდეს რეალური ვალუტა ზოგიერთ ქვეყანაში.
ბანკის თანამშრომლების ზაკ პანდლისა და ჩარლზ ხიმერბერგის აზრით, აშშ-ში, სადაც დოლარი სტაბილურია და ტრანზაქციული შეფერხებები დიდი არ არის, ბიტკოინს არ შეუძლია სრულად გამოამჟღავნოს მისი პოტენციალი. თუმცა, მათივე აზრით, აფრიკაში მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ფინანსების 90% უცხოურ ვალუტაში ინახება, ან ზიმბაბვეში, სადაც 2015 წელს საერთოდ ამოიღეს ადგილობრივი ვალუტა მიმოქცევიდან, კრიპტოვალუტას შეუძლია იპოვოს საკუთარი დანიშნულება.
გარდა ამისა, ბიტკოინს შეუძლია აღმოჩნდეს სასარგებლო ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებებს აქვთ მკაცრი შეზღუდვები უცხოური ვალუტის მიმოქცევაზე.
„ასეთ ქვეყნებსა და ფინანსურ სისტემებში, სადაც ფული არასაკმარისად ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ბიტკოინს და ზოგადად, კრიპტოვალუტებს შეუძლიათ კონკურენტულ ალტერნატივად ქცევა“ - ციტირებს ანალიტიკოსების კვლევას გამოცემა Bloomberg-ი.
თუმცა, თუ კრიპტოვალუტები გადახდის საშუალებაში ფართო გავრცელებას ჰპოვებენ, მათი ზრდა რამდენიმე პროცენტს არ ასცდება და ინვესტორები არ უნდა ელოდონ ზრდის ამჟამინდელ ასტრონომიულ მაჩვენებლებს, აცხადებენ იგივე ანალიტიკოსები.
კოკა კვირკველია