მილიარდერმა უორენ ბაფეტმა სავარაუდო მემკვიდრეები დაასახელა

უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ში კომპანიის უმაღლესი თანამდებობისთვის ორი სავარაუდო პრეტენდენტი განისაზღვრა.

კომპანიის ბიზნესის დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელი, აჯიტ ჯეინი და ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელი, გრეგ აბელი დირექტორთა საბჭოში ორ ახალშექმნილ პოსტზე დაინიშნენ.

87 წლის ბაფეტის განცხადებით, მის კომპანიაში ორი საკვანძო ფიგურაა და ეს გახლავთ ერთგვარი მოძრაობა მემკვიდრეობის გადაბარებისკენ - ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.

„მე რომ ვიყო ამ ორი ადამიანის ადგილას, ვეცდებოდი დიდი გამოცდილების დაგროვებას მთლიანად ბიზნესის მართვაში მანამ, სანამ სრულად არ ავიღებდი მართვის სადავეებს“ - აღნიშნა ბაფეტმა.

მან ეთერში ისიც თქვა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს და რომ უახლოეს მომავალში არ გეგმავს არც დირექტორთა საბჭოს და არც ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვებას, თუმცა აქვე დასძინა, რომ კიდევ 10 წელი Berkshire Hathaway-ის სათავეში ყოფნა ალბათ ნამეტანი იქნებოდა.

საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway წარმოადგენს კონგლომერატს, რომელიც 80 სხვადასხვა კომპანიისგან შედგება. ისინი ოპერირებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაზღვევა, ინვესტიციები, ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, საიუველირო ბიზნესი, ტანსაცმელი და სურსათი. უორენ ბაფეტი, რომელიც ამჟამად Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში მესამე ადგილზეა, აღნიშნულ კომპანიას 50 წელზე მეტია მართავს.

კოკა კვირკველია