სამეფო სახლმა საცვლების მიმწოდებელი კომპანია შეიცვალა

კომპანია Rigby & Peller-მა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საცვლების ოფიციალური მიმწოდებლის „ტიტული“ დაკარგა. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი სავრაუდოდ კომპანიის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნი გახდა, სადაც ის აღწერს თუ როგორ იღებს საცვლების ზომებს სამეფო ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის დედოფალ ელისაბედ მეორესთვის.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გამოვიდა წიგნი სახელწოდებით "Storm in a D-Cup" , რომლის ავტორიც კომპანიის დამაარსებელი ჯუნ კენტონია. ის პირადად მუშაობდა დედოფალთან.

მისი განცხადებით, წიგნში არაფერია ისეთი, რასაც შეეძლო სამეფო ოჯახის წყენა გამოეწვია და მისთვის დაუჯერებელი იყო, როცა გაიგო გადაწყვეტილება - გაიწვიოს სამეფო ოჯახის მიმწოდებელი კომპანიის პატენტი. ცნობისათვის, სამეფო ოჯახის პატენტს ამ დროისთვის 800-მდე კომპანია ფლობს.

ბუკინგემის სასახლეში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

Rigby & Peller-ის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ კომპანია ძალიან წუხს სამეფო კარის გადაწყვეტილებით, თუმცა არ აპირებს საქმის დეტალებში ჩაძიებას ტახტისადმი პატივისცემის გამო.

ცნობისათვის, ჯუნ კენტონმა კომპანია Rigby & Peller 1982 წელს 10 ათას გირვანქად შეიძინა, ხოლო 2011 წელს მისი საკონტროლო პაკეტი გაყიდა, თუმცა დირექტორთა საბჭოში ადგილი შეინარჩუნა. 82 წლის კენტონი კორსეტების მკერავი იყო და პერიოდულად უწევდა სასახლეში ყოფნა, შესაბამისად დედოფლის გარდა მას ასევე მოუწია მუშაობა დედა-დედოფალთან და პრინცესა მარგარეტთანაც.

Rigby & Peller, რომელიც რამდენიმე ბუტიკს ფლობს ლონდონში და ინგლისის მასშტაბით, სამეფო ოჯახს საცვლებით ოფიციალურად 1960 წლიდან ამარაგებდა.

კოკა კვირკველია