საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ”ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის” ოფიციალური წევრი გახდა.
როგორც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ”ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელში” გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებაში.
”ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის ქვეშ არის შექმნილი. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტი არის გაერთიანებული. აქ გაწევრიანება ხდება მხოლოდ იმ დამსახურებების მიხედვით, თუ რა აქვს გაკეთებული სხვადასხვა ქვეყნების ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტებს საკუთარ ქვეყანაში. უმთავრესი პირობა არის ასევე ევროკავშირის წევრობა, თუმცა საქართველოსთვის მოხდა გამონაკლისის დაშვება”, - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენების გენერალური შეხვედრა 9 იანვარს პარიზში გაიმართა, რომელსაც ”ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის” წევრების სრული შემადგენლობა ესწრებოდა. საქართველოს ენერგოომბუდსმენის გაწევრიანების საკითხს ქსელის სხვა წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამასთან როგორც სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ”ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის” შემდეგი გენერალური შეხვედრა 2018 წლის მარტში თბილისში გაიმართება.