Gem Fest-ის ორგანიზატორებმა 2018 წელს განმუხურში ფესტივალის ჩატარება კვლავ დაანონსეს და ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყეს, თუმცა ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ განმუხურსა და ანაკლიაში მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი წარმოება არ მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განაცხადა, Gem Fest-ის ორგანიზატორებს განმუხურსა და ანაკლიაში მიწის გადაცემასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
„მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ფესტივალი განმუხურის ტერიტორიაზე ტარდებოდა და დაახლოებით 28 ჰექტარზე იყო განთავსებული. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და შესაბამისად, იმისთვის, რომ ფესტივალის ჩასატარებლად კონკრეტულმა სუბიექტმა სახელმწიფოსგან უფლება მოიპოვოს, მან უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განაცხადით, წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები და პირობები და ჩვენ დავიწყებთ ადმინისტრაციულ წარმოებას“, - განაცხადა ეკატერინე სისაურმა.
კითხვაზე, ხომ არ შესულა ორგანიზატორებისგან განაცხადი სხვა ლოკაციასთან დაკავშირებით, Gem Fest-ის ჩატარების თაობაზე, ეკატერინე სისაურის განცხადებით, სააგენტოში არანაირი განაცხადი არ არის შესული არც ერთ ლოკაციაზე, მათ შორის, არც განმუხურში.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ფესტივალის ორგანიზატორებს არც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის მიუმართავთ.
„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებს არ მიუმართავს ფართის მფლობელისთვის - ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფესტივალის ბილეთების გაყიდვა ამ კუთხითაც ნაადრევად გვეჩვენება, როდესაც არ არის გარკვეული ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. ამავდროულად, როგორც მათ არ მიუმართავთ ჩვენი კოლეგებისთვის ფართის ნაწილში, ასევე არც ჩვენთვის არ მოუმართავთ საორგანიზაციო, სარეკლამო, ან რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე. არანაირი კომუნიკაცია საორგანიზაციო ჯგუფთან არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მხარდაჭერ ან დახმარება ჩვენი მხრიდან განსაზღვრული არ არის“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
GEM Fest 2018-ის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. როგორც tkt.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი სოფელ განმუხურში ახალ ფორმატში ჩატარდება და 4 დღის - 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.