„ყველა ვინც კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში არის ჩართული, დგას რისკის წინაშე, რომ მათი აქტივები ჰაკერებმა მიიტაცონ“. ამის შესახებ, „უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის“ დირექტორმა და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტმა, ლაშა პატარაიამ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც სერიოზული რისკები გვაქვს.
„ხშირ შემთხვევებში თვითონ ამ ვალუტების გადამყიდველები არ არიან ოფიციალური იურიდიული პირები, ეს არის სფერო, რომლის შესახებაც ნაკლები რამ ვიცით და საერთოდ ეს ყველაფერი ძალიან ბურუსით არის მოცული, რაც შემდგომში თქვენი აქტივების დაბრუნების შესაძლებლობას ართულებს. აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც სერიოზული რისკები გვაქვს. სადაზვერვო, ტერორისტული თუ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობების დროს, კრიმინალთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ფინანსური ტრანზაქციების ანალიზი, თვალყურის დევნება და რიგ შემთხვევაში, მათი ჩაკეტვაა. ამას კი კრიპტოვალუტა დღეს უკვე ართულებს, რადგან ის სრულიად ანონიმურია. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იყო რამდენიმე კრიპტოვალუტა ბაზარზე და მათი კოინების „ვალეტი“ იყო ერთგვარი ქსელი, სადაც პირდაპირ მიდიოდა იმ კონკრეტული ვალუტით ვაჭრობა ნარკოტიკების და სხვადახვა არალეგალურ პროდუქციის შესაძენად“. - აღნიშნა პატარაიამ.