კერძო და საჯარო დაწესებულებებში პირობების გარდა შრომითი უფლებებიც შემოწმდება.
მთავრობამ 29 დეკემბერს შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდანვე ამოქმედდა.
დადგენილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს 1 იანვრიდან დაწესებულებებში პირობების გარდა, შრომითი უფლებების შემოწმების შესაძლებლობაც ექნება.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს შრომის ინსპექიისათვის შრომითი უფლებების შემოწმების მანდატის მინიჭებას დადებითად აფასებს, რადგან აქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმების მანდატი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი პორგრამით ძალაში რჩება წინასწარი ნებართვის აღების პრინციპი ანუ შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება მხოლოდ მისი წინასწარი ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. ამავე პროგრამის მიხედვით, კომპანიას ან დაწესებულებას, რომლის შემოწმებაც იგეგმება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დეპარტამენტი 5 დღით ადრე გააფრთხილებს.
ამასთან, თუ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების ან უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შრომით ინსპექციას მისი დაჯარიმება ისევ არ შეეძლება და დეპარტამენტი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს.
OK&CG-ის იურისტის ანა გორდეზიანის განცხადებით, უწყებას კონსულტირების გარდა, რეალური ბერკეტიც უნდა გააჩნდეს, რითაც შეამოწმებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გარკვეულ ფულად სანქციასაც შეუფარდებს დამსაქმებელს.
„ჩვენი კომპანია მიესალმება მსგავსი სახის ინიციატივების გზით დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის მაქსიმალურად მოქნილი შრომითი პირობების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექციას, გარდა კონსულტირებისა, უნდა გააჩნდეს რეალური ბერკეტი, უზრუნველყოს დამსაქმებლის შემოწმება, თუნდაც მისი თანხმობის არარსებობის პირობებში, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, განხორციელდეს გარკვეული ფულადი საქნციების შეფარდება,“-განმარტავს გორდეზიანი.
დადგენილების თანახმად, შრომის პირობების ინსპექტირების პროგრამის ამოცანებია: შრომის პირობების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება, იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა.