Mercedes-Benz-მა ახალი G-Class-ი დეტროიტში წარმოადგინა

კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი თაობის G-Class-ი წარმოადგინა.

სხვა მოლოდინის მიუხედავად, სიახლე ინარჩუნებს მის კლასიკურ ოთხკუთხოვან ფორმებს, თუმცა შეიძინა სრულიად განახლებული ტექნოლოგიები და შესაძლებლობები. ყველაზე მთავარი ვიზუალური სიახლე კი მის ინტერიერშია, სადაც ის კომპანიის ახალ მოდელებზე დანერგილ სტილს აგრძელებს და მეტად თანამედროვე და კომფორტული გახდა.

მიუხედავად წახნაგოვანი შტრიხებისა, ავტომობილი ზომებში მაინც შეიცვალა, ის 121-მმ-ით განიერი და 53-მმ-ით გრძელია. თუმცა პროპორციებში ზრდის მიუხედავად, ის 170 კგ-ით მსუბუქი გახდა. გარდა ამისა, სიახლეებია მის მაშუქების სისტემაში, რომელმაც მართალია იგივე ფორმა შეინარჩუნა, მაგრამ შეიცვალა ტექნოლოგია და თანამედროვე განათების სისტემით აღიჭურვა. მცირედით მოდერნიზებულია რადიატორის ცხაურაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეცვლილია პლატფორმაც და შესაბამისად, ახალი ავტომობილი უფრო „ერთიანი“ გახდა, ვიდრე აქამდე.

ავტომობილი „მერსედესის“ საფირმო 9 საფეხურიან ტიპტრონიკ გადაცემათა კოლოფს მიიღებს, ხოლო რაც შეეხება ძალოვან აგრეგატებს, სიახლე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სახით, მათ შორის მთავარი სიახლეა AMG-ის მიერ შექმნილი 4.0-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავი, რომელიც 603 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება ფასს, მოდელის სასტარტო ვარიანტი ამჟამად მოქმედ ავტომობილზე ოდნავ იაფი იქნება, ხოლო ტოპ ვერსია კი რამდენიმე ათასით უფრო ძვირი.

ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გუშინ დეტროიტის საავტომობილო შოუზე გაიმართა.

კოკა კვირკველია