უამინდობის გამო, მგზავრები ყაზბეგიდან გამომგზავრებას ვერ ახერხებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, გზა მეორე დღეა ჩაკეტილია.
„მეორე დღეა, ყაზბეგიდან თბილისისკენ წამოსვლას ვერ ვახერხებთ. გზა 13 იანვარს ჩაიკეტა, როდესაც გუდაურიდან ყაზბეგში გადავედით. ახლა თბილისში დაბრუნდება გვინდა, მაგრამ მოძრაობა შეწყვეტილია. ადგილობრივი მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ გზის გაწმენდაზე უკვე მუშაობენ და იმედი გვაქვს, რომ გზა დღეს გაიხსნება. ამბობენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე ცუდი ამინდია, თუმცა სტეფანწმინდაში მზიანი, უნალექო დღეებია და ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე გზის გაწმენდა”, - აცხადებს ერთ-ერთი დამსვენებელი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, გარკვეულ მონაკვეთებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზვავსაშიშიროების რეჟიმი აქვს დაწესებული.
„სადაც საშიში ზონები არაა, იქ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს ზვავსაშიშროების რეჟიმი დაწესებული და როგორც კი მოხსნის ამ რეჟიმს, ჩვენი წარმომადგენლები იმ მონაკვეთებშიც შეუდგებიან გზის გაწმენდას“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, მათი სპეციალისტები გზის გადაკეტვის რეკომენდაციას გასცემენ და გზის გადაკეტვას საავტომობილო გზების დეპარტმენტი ახორციელებს. მათივე განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გზა უამინდობის გამოა გადაკეტილი.