თაკო ჟურული ჩვენი კომპანიის თანამშრომელია, "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი რედაქტორი, მაგრამ ახლა მეღვინე-მევენახეც გახდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: მას და მის მეუღლეს, ზურა სანოძეს, სოფელი არასდროს ჰქონიათ. ბევრი ფიქრის შემდეგ ქალაქგარეთ სახლის ყიდვა გადაწყვიტეს, რომ ბუნებას უფრო დაახლოებოდნენ. კარგა ხნის ძებნის შემდეგ თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მშვენიერი ეზო-კარი იპოვეს, რაც მთავარია, შესანიშნავი სამეზობლოთი.
"საუკეთესო სოფელია. ჩვენი სახლი სოფლის ბოლოშია და პირდაპირ კავკასიონს გაჰყურებს. იქვე გვაქვს ვენახი და სავენახე ადგილიც. ყველაფერი ერთად ვიყიდეთ. გვაქვს მარანიც", - გვეუბნება თაკო...
თავიდან გამოუცდელები იყვნენ, არ იცოდნენ, იქაურობისთვის როგორ მოევლოთ, მერე კი თანდათან ყველაფერი ისწავლეს, ბიომეურნეობის ავ-კარგიც გაარკვიეს, რაც ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიულ თანაცხოვრებას გულისხმობს. "ზუსტად ის არის, რაც გვაინტერესებდა და რამაც ქალაქიდან სოფლად წაგვიყვანა. გავიცანით საინტერესო ხალხი, მათ შორის, ბიომეღვინეები, რომლებიც ბიოვენახებს უვლიან," - გვიყვება თაკო.
- რამხელაა თქვენი მამული?
- ვენახი ნახევარ ჰექტარზეა, თუმცა სავენახე მიწაც გვაქვს და მომავალში 1 ჰა გვექნება. იქ დასახლებისთანავე დავიწყეთ ვენახის მოვლა - თუ გაქვს, უნდა მოუარო კიდეც... ერთია, როცა ქიმიური საშუალებებით უვლი და სახელმწიფოს აბარებ, შხამ-ქიმიკატებით წამლავ, რომ დიდი მოსავალი მიიღო და ამ დროს, ცხადია, ხარისხზე არ ფიქრობ; მეორეა, როცა არ გინდა ბევრი მოსავალი, მაგრამ გინდა ხარისხიანი ღვინო.- თქვენ ხარისხი არჩიეთ...
- დიახ. გასულ შემოდგომას ჩვენს მარანში პირველად დავწურეთ ჩვენი რქაწითელი. ნახევარ ჰექტრზე 800 კგ მოიკრიფა (შარშანწინ ორ ტონამდე იყო) და 600 ლიტრამდე ღვინო დაიწურა.- ბიოღვინოზე ვრცლად ვისაუბროთ...
- ეს არის ნიადაგისა და მცენარის გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა. ვაჯანსაღებთ ვაზსა და ყველა მცენარეს. ამისთვის ვწამლავთ ბიოლოგიური (მცენარეული) პრეპარატებით და თანაც - შეზღუდული რაოდენობით. მერე, ევროკავშირის ბიოსოფლის მეურნეობის სტანდარტების მიხედვით, ვაყრით გოგირდსა და სპილენძს, ოღონდ დოზას არ უნდა გადააჭარბო, თორემ ბიოპროდუქტი აღარ გამოვა.- ეს ყველაფერი სად ისწავლეთ?
- ბიომიმართულებით რომ დავინტერესდი, აღმოვაჩინე, რომ არსებობს გაერთიანება "ღვინის კლუბი", სადაც არაჩვეულებრივი ხალხია თავმოყრილი. მისი ხელმძღვანელია მალხაზ ხარბედია. აქ, ძირითადად, ბიომეღვინეები და მევენახეები არიან. ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, დაინტერესებულ ადამიანებს კი ინფორმაციას აწვდიან. კლუბის წევრებს დავუახლოვდი, ტრენინგები გავიარე. მადლობელი ვარ მეღვინეების - იაგო ბიტარიშვილის და კახა ბერიშვილის. ღვინო მათი მითითებებით დავწურეთ.- ბოთლებში ჩამოასხით?
- დუღილის პროცესს შუშის ბოცებში რომ დაასრულებს, მერე ჩამოვასხამთ. თავიდან, კახური ტრადიციის მიხედვით, გაზაფხულამდე ქვევრში გვინდოდა დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენი გამოუცდელობით ვერ გავთვალეთ მოსავლის რაოდენობა და ქვევრიდან მინის ბოცებში გადავიტანეთ. ჯერ ხელს არ ვკიდებთ. მეღვინეებს გაზაფხულზე უნდა გავასინჯოთ. რაც უნდა ლიტერატურა იკითხო, მათი კონსულტაციების გარეშე არაფერი გამოვა. მოკლედ, სექტემბერ-ოქტომბრისთვის ჩამოვასხამთ ბოთლებში.- რას დაარქმევთ?
- "ჟუკა-სანოს მარანს" ("ჟუკას" გვარის გამო ბავშვობიდან მეძახიან, "სანო" ჩემს ქმარს ჰქვია, მასაც გვარის გამო). სახელწოდების შემდეგ, როგორც ბიოღვინის ეტიკეტებზეა, მივუთითებთ მოსავლის წელს.- სახლის, მარნისა და ვენახის გარდა, კიდევ რამე დაგხვდათ რუისპირში?
- დიდი კაკლის ხე, შინდი... ჩავყარეთ ახალი ნერგებიც და გაზრდას ველოდებით. გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მეტი ხე დავრგოთ. ყოველ გაზაფხულზე პატარა ბოსტანს ვაკეთებ, ისეთ ბოსტნეულს ვთესავ, ყოველდღე მორწყვა რომ არ უნდა, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ შაბათ-კვირას ჩავდივართ. როცა სულ გადავბარგდებით, ბოსტანსაც გავამრავალფეროვნებ.- ვენახში დამოუკიდებლად მუშაობთ?
- დიახ. გასხვლა ხომ რთულია, მაგრამ ამასაც თვითონ ვაკეთებ. ძალიან კარგი მევენახე გვყავს, ბატონი შალვა და მისი დახმარებით ვაკეთებ ყველაფერს. ის შეწამვლაში მეხმარება, თუმცა იმ დროს მეც იქ ვარ.- მოკლედ, ასე იქეცით ქალი-რედაქტორი ქალ-მეღვინე-მევენახედ...
- ასე გამოვიდა. მეუღლე მხარს მიბამს. ჩემი დიდი გულშემატკივარია როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად. მინდა, ამ საქმეში კარგად გავიწაფო. ეს ახალი და საინტერესო ეტაპია ჩემს ცხოვრებაში.იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 იანვრის ნომერში
ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია