სურსათის სააგენტო შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილი ბენზ(ა)პირენის სახიფათო შემცველობასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერება კანცეროგენია.

სოხაძის განმარტებით, სახიფათო შპროტის მიღება პირდაპირ მოწამვლას არ გამოიწვევს. მისივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ერთჯერადად მიღება საფრთხეს არ წამოადგენს. საფრთხე გარკვეული დროის განმავლობაში, გარკვეული დოზის მიღების შემდეგ იქმნება. ამასთან, სურსათის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, კონკრეტული ადამიანი სახიფათო თევზის შპროტს ინტენსიურად ვერ მიირთმევდა, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით 2500 ქილა იყო შემოსული.

რაც შეეხება იპორტიორის მიერ შემოტანილ შპროტის ახალ პარტიას, როგორც კახა სოხაძემ განაცხადა, მათ დაევალათ დარწმუნდნენ და მწარმოებლისგან მიიღონ გარანტიები, რომ ახალი პარტიები საფრთხეს არ შეიცავს და მათი რეალიზება შემდგომ მოახდინონ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.

შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.

შპს "ევერესტი 2010"-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელ ობიექტებში მოხდა ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობის მქონე თევზის შპროტის რეალიზება.

როგორც "ევერესტი 2010"-ში აცხადებენ, აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ნოემბრის თვეში კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან შპს-ში თავს იკავებენ.

სახიფათო შპროტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე შეუძლიათ, ნომერზე: 2 91 91 67