ქართველი მეწარმეებისთვის დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებული დაბრუნების სისტემა ამოქმედდა

დღეიდან ქართველი მეწარმეებისთვის დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებული დაბრუნების სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ, ფინანასთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წინა კვირას განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას.

„ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად კრიტერიუმს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს 5 დღიან ვადაში დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას, ხოლო ის კომპანიები, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო დრო სჭირდებათ, რომ აღნიშნული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ 14-დღიან ვადაში დაუბრუნოს დღგ-ს ზედმეტობის ის ოდენობა, რაც მათ ობიექტურად ეკუთვნით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ბიზნესს დამატებით არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ასე რომ, მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ მეწარმეებს და მივულოცო აღნიშნული რეფორმის დაწყება და მოვუწოდო მათ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის ამოქმედების პროცესში მომავალი კვირიდან”, - განაცხადა წინა კვირას გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ.