თბილისის მერია - გენგეგმაში უგულებელყოფილია მწვანე ქალაქის პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს , - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებაში, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტზე დღეს გამოქვეყნდა.

როგორც მერიაში მიიჩნევენ, გენგეგმის პროექტში არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება.

”წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს. გარდა ამისა, არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება. შესაბამისად, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს შემოთავაზებული ფუნქციური ზონები. საკრებულოს მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები სრულად არ არის ასახული და შესაბამისად, ადევს არაადექვატური ზონა, რაც გაართულებს მომავალში კონკრეტულ ტერიტორიებზე სამშენებლო განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მგგ-ს ფარგლებში საჭიროა გაიწეროს რეკომენდაციები, თუ რა ძირითადი პრინციპების

გათვალისწინებით უნდა იქნას გაანალიზირებული საკითხები ცალკეული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების დასადგენად, რომელიც უკვე ჩამოყალბებულია და არ საჭიროებს გრგ-ს დამუშავებას”, - ნათქვამია შეფასებაში.

მერია მიიჩნევს, რომ გენერალური გეგმის პროექტში უგულებელყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებული პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

”გენგეგმის ჯგუფის პოზიცია, რომ იმ არეალებზე, რომლებზეც მოქმედ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების ასახვა გამორჩენილია, მათი ასახვის, არსებულის დაზუსტების და შენარჩუნების ნაცვლად უმჯობესია მათ უმრავლესობას მოეხსნას ეს სარეკრეაციო ზონა და განესაზღვროს სხვადასხვა სამშენებლო ზონა. მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული მიდგომა მიუღებელია და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი მისი ფართობის მიუხედავად საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა. ზონირების ნაწილში გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას, არსებული და დაგეგმილი სატრანსპორტო ქსელი და გზის შემადგენელი ელემენტები”, - აცხადებენ მერიაში.