თბილისის მერია - გენერალური გეგმის ის თავი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, არანაირ მონაცემებს არ იშველიებს

გენერალური გეგმის ის თავი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები , - ამის შესახებ ნათქვამია გენერალური გეგმის პროექტის მისამართით თბილისის მერიის შენიშვნებში, რომელიც თბილისის მერიამ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიაწოდა.

თბილისის მერია შენიშვნებს აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის მიმართულებით ტექსტში არ არის რეფერენსირებული არც ერთი მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტი ან ევროკავშრის დირექტივა და საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით.

”ასევე არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები. ტექსტი უნდა ეყრდნობოდეს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიას (2015), რომელიც თბილისის მთავრობის მიერ არის მოწონებული. ამჟამად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მუშაობს ამ სტრატეგიის განახლებაზე, რაც ასევე უნდა იქნას ნახსენები ტექსტში. გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები და სხვა შემოთავაზებები.

გენერალური გეგმის ეს თავი (ტომი 5. ნაწილი 1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის

განვითარება) არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, როგორც ჩანს, არც ყოფილა გამოყენებული წინადადებების მომზადებისას. გენერალური გეგმა არ შეიძლება განვითარდეს მონაცემების გარეშე.

ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ნაწილს, რომელთა შორის კავშირები უნდა იყოს ნათელი: მდგომარეობის შესწავლა (მონაცემები და მეთოდოლოგია), ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება, პრინციპების განსაზღვრა, გადაჭრის გზები და სხვა. ამ ნაწილებს შორის პირდაპირი კავშირი, არის ის, რაც დოკუმენტს აძლევს ვალიდურობას და სანდოობას. მოცემულ დოკუმენტში ეს სტრუქტურა და მეთოდოლოგია აბსოლუტურად არ არის დაცული. სწორედ ამას ვგულისმობდით, კვლევებისა და სტრატეგიების რეფერენსირების ნაკლებობაში, რაც შემოთავაზებული მიდგომების საფუძველი უნდა იყოს”, - ნათქვამია შენიშვნებში.