თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს.
შენიშვნები შეეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.
დოკუმენტში, ელიავას ბაზრობის პროექტთან დაკავშირებითაც არის საუბარი. კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერიის შენიშვნებშია მითითებული, „ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ზონირება წარმოდგენილ კონცეფციასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოს. ამასთან, გენგეგმაში მითითებული იყო კონკრეტული ტერიტორიები, თუ სად მიაჩნდა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიზანშეწონილად ბაზრობის გადატანა. კერძოდ, როგორც განახლებულ გენგეგმაშია აღნიშნული, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ (მეტროსადგურ ისანსა და ქვემო სამგორს შორის); ხოლო მეორე ნაწილის -ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, გურამიშვილის გამზირსა და ფეიქართა ქუჩას შორის გადატანა.
რაც შეეხება საველოსიპედე გზების კონცეფციას, მერიის შენიშვნებში ნათქვამია, რომ გენგეგმაში წარმოდგენილი კონცეფცია თბილისის მთლიან ველოქსელს არ ასახავს.
გენგეგმის მიხედვით, თბილისში საველოსიპედო ბილიკების მოწყობა 4 მარშრუტზეა დაგეგმილი. საველოსიპედო ბილიკები მოეწყობა: სახელოვნებო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების; ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის; ავტოსადგურ ოკრიბას, წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირების და მარჯვენა სანაპიროსა და სამინისტროების მიმდებარე ტერიტორიის ხაზებზე.