არ ვამბობ, რომ სტარტაპებთან მიმართებაში პრობლემა არ ჩანს, ისე, როგორც დღეს არის კანონი ფორმულირებული, თუმცა ყველაზე უფრო მძაფრი პრობლემა ჩვენ იმ საკითხებთან დაკავშირებით დავინახეთ, როგორიც არის რეკლამა, სპონსორობა და საჯარო შესყიდვები , – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც თავის მხრივ გადაცემის ეთერში საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის მიერ სტარტაპებთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
კითხვაზე, რატომ არ მოხვდა საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სტარტაპების დაფინანსების საკითხი, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს და პრეზიდენტის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობების დაცვა, რომელიც ყველაზე უფრო პრობლემურად საჯარო სიკეთეების შექმნის კონტექსტში დაინახეს.
„არ ვამბობ, რომ სტარტაპებთან მიმართებაში პრობლემა არ ჩანს, ისე, როგორც დღეს არის კანონი ფორმულირებული, თუმცა, ყველაზე უფრო მძაფრი პრობლემა ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით დავინახეთ, როგორიც არის რეკლამა, სპონსორობა და საჯარო შესყიდვების ძალიან დიდი ნაწილის გამოტანა რეგულირების სფეროდან. სწორედ ამიტომ აქცენტი გაკეთდა ამ საკითხებთან მიმართებაში. საჯარო შესყიდვებზე მინდა დავამატო - დისკუსიის ნაწილია ის არგუმენტი, რომ ეს ცვლილება ემსახურება საქართველოს კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას. აქ ძალიან ნათელია ის ფაქტი და პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან და ევროინტეგრაცია არის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს საკამათო არ არის. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არა სტანდარტებთან მიახლოებასთან, არამედ პირიქთ, ამ სტანდარტებთან დაშორებაც კი ხდება. საუბარი არ არის, რომ მოქმედი წესი არის რთული, თუნდაც მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით და ისეთი წესი შემოდის, რომელიც უფრო მიესადაგება ამ სპეციფიკას. აქ საუბარია იმაზე, რომ წესი არ მოგვწონს, ჩვენთვის რთულია და მოდით, საერთოდ, წესის გარეშე ვიმოქმედოთ. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან ყველა ევროსტანდარტი, მათ შორის, იგივე დირექტივა, რომელზეც აპელირება ხდება და მთლიანად ასოცირების ხელშეკრულების მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ იფუნქციონიროს საბაზისო პრინციპების დაცვით, როგორიც არის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ასე შემდეგ. ამდენად, შესყიდვები არა მხოლოდ კანონის სფეროდან გამოდის, იმ ვერსიით, რომელიც პარლამენტმა შემოგვთავაზა, უმნიშვნელოვანესი პრინციპების მოქმედების სფეროდანაც გადის, რაც დაუშვებელია“, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.