"გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს სარეკლამო ბაზარზე, პრობლემურია"

გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს სარეკლამო ბაზარზე, ჩემი აზრით პრობლემურია, - ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი ძირითადი შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და მეორე მხრივ, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარს წარმოადგენს, შედის კონკურენტულ ბაზარზე, კონკურენცია ზარალდება.

”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს სიკეთე ეძლევა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი, გადასახადების გადამხდელების დაფინანსებით. საქართველოში ის ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს ამ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია. მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და რეალურად მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ საარსებო რესურსი და მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე მნიშვნელოვან სიკეთესთან - მედიამრავალფეროვნებასთან. პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარს წარმოადგენს, როდესაც შედის კონკურენტულ ბაზარზე, კონკურენცია ზარალდება და ჩვენ შესაძლოა, შედეგად მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთის დაზარალება, რაც მიუღებელია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვეტოს დადებამდე მან ყველა მხარის პოზიცია მოისმინა.

”საზოგადოებისთვის ცნობილია იმ ინტენსიური დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან მიმართებაში. როგორც მე ასევე ჩემი მრჩევლები, საპარლამენტო მდივნები, შევხვდით ყველა მხარეს ამ დისკუსიის და მოგვეცა შესაძლებლობა ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეების, ასევე მისი მომხრეების მხიდან”, - განაცხადა მარგველაშვილმა.