სავალუტო ჯიხურების რეგულირება მკაცრდება - რა ახალი ვალდებულებები დაეკისრა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს

სავალუტო ჯიხურების რეგულირების თვალსაზრისით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება იზრდება. შედეგად, სებ-ი სავალუტო ჯიხურების ზედამხედველობას მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით აღარ განახორციელებს. აღნიშნულს გულისხმობს, „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში შესული ცვლილებები.

ცვლილებების მიხედვით, იმ საფინანსო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლის ზედამხედველობასაც ახორციელებს ეროვნულ ბანკი, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებიც დაემატა.

ცვლილებების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებული იქნება ვალუტის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ მომხმარებელს მომსახურების გაწევისას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს,“ - ვკითხულობთ კანონში.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 მარტამდე უნდა განსაზღვროს.