„საბა კონსტრაქშენის“ დირექტორი - ერთი კვირის ფარგლებში, გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება

კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორის, ლევან თარგამაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში კედლების დაობება ვენტილაციის გაუმართავმა სისტემამ გამოიწვია.

ამის შესახებ თარგამაძემ ჟურნალისტებს კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამუშაოები ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს. ფაქტიურად, წყლის საკითხი გვარდება. საშხაპეებში დაობებული კედლების მიზეზები თითქმის გამოკვლეულია, არის ვინტილაციის პრობლემა, თუმცა, ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც გითხარით, კედლების დაობების სავარუდო მიზეზი ვენტილაციის გაუმართავი სისტემა იყო. ასევე მიმდინარეობს გარე გამაგრებითი სამუშაოები. ერთი კვირის ფარგლებში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება. წინასწარ არ ვიცით რა თანხა დაჯდება კომპლექსის რეაბილიტაცია“, - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, კომპლექსში არსებული სიტუაციის შესახებ კომპანიისთვის ცნობილი არ იყო. როგორც თარგამაძე აცხადებს, მერიისთვის ჩაბარების შემდეგ კომპლექსი არ შეუმოწმებიათ, რადგან კომპანიას მისი შემოწმება არ ევალებოდა.

გლდანის რაიონში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს, რომელსაც კომპანია "საბა კონსტრაქშენი" აწარმოებს, დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტული ბაზა მთლიანად განახლდება, მოეწყობა საპირფარეშოები და გასახდელები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მინდვრის საფარსაც.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველა ხარჯს კომპანია "საბა კონსტრაქშენი" აიღებს და თბილისის მერიას რაგბის კომპლექსის სარეაბილიტაციოდ თანხის გაღება არ მოუწევს.

ცნობისთვის, გლდანის რაიონში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, რაგბის სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს "საბა კონსტრაქშენს" დაუკვეთა და სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება 6 932 650. 64 ლარით განისაზღვრა. 9 იანვარს კომპლექსი კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კომპლექსში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა. იმავე დღეს, კომპლექსის მშენებელ კომპანიას "საბა კონსტრაქშენს" ვითარების გამოსწორება დაევალა.