თბილისის მერიის და 10 რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა 120 ერთეულით მცირდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის და 10 რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა თებერვლის ბოლოდან იცვლება და 120 ერთეულით ნაკლები იქნება. ამის შესახებ ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მერიისა და გამგეობების 1496 საშტატო ერთეული 1376 ერთეულამდე მცირდება.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერიის ადმინისტრაცია 202 ერთეულიდან 120-მდე მცირდება. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 30-დან 35 ერთეულამდე იზრდება, ეკონომიკური სამსახური 31 საშტატო ერთეულიდან 26-მდე მცირდება, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური (კეთილმოწყობის სამსახური) 70-დან 60-მდე შემცირდება. შესყიდვების სამასახური - 29-დან 27-მდე მცირდება, საფინანსო სამსახური 40-დან 39-მდე. იურიდიულ სამსახურში 60 საშტატო ერთეულია და უცვლელი რჩება, ისევე, როგორც სოციალური სამსახურის საშტატო ერთეულები 31 იყო და იგივე რჩება. კულტურა-ახალგაზრდობა-სპორტის მიმართულებით არსებულ სამსახურში ჯამში 40 საშტატო ერთეული იქნება. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეულები 129-დან 121-მდე შემცირდება. უსაფრთხოების სამსახური კი ისევ 89 ერთეული იქნება. ურბანული განვითარების ახალ სამსახურში 31 თანამშრომელი იმუშავებს.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობების საშტატო ნუსხას, როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, 10-ვე რაიონის გამგეობაში ჯამში 691 ერთეული იყო, რაც 612 ერთეულამდე მცირდება.