არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შუაგულ უდაბნოში მტკნარი წყლის ყველაზე დიდი წყალსაცავი ააშენეს.
იმ პირობებში, როცა ქვეყანაში წყლის მოხმარება სულ უფრო იზრდება, საამიროები მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ახალ გზებს ეძებს და აღნიშნული რეზერვუარი ამ პრობლემას მნიშვნელოვნად აღმოფხვრის. როგორც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, დღეისათვის ქვეყნის 1 მოსახლეზე ყოველდღიურად 600 ლიტრი წყალი იხარჯება და ეს მოთხოვნა მოსახლეობის ზრდის პარალელურად იზრდება.
ლივას უდაბნოში აშენებული წყალსაცავი 160 კილომეტრითაა დაშორებული ზღვის წყლის მარილისგან გამწმენდი ნაგებობისგან. წყალსაცავის მოცულობა 26 მილიარდ ლიტრს შეადგენს და მის გავსებას 26 თვე დასჭირდება. გაწმენდილი წყალი მილსადენით მიედინება წყალსაცავისკენ. საჭიროების შემთხვევაში წყალსაცავს შეეძლება ყოველდღიურად 100 მილიონი ლიტრი წყლის მიწოდება ქვეყნის მოსახლეობისთვის.
რეზერვუარის გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო და მასზე 450 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
კოკა კვირკველია