ევროკავშირის მაღალჩინოსნების გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის სრულად უნდა მოხდეს კავშირის ტერიტორიის გარემოს დამაბინძურებელი პლასტიკისგან გაწმენდა და მათი უტილიზაცია.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი ყოველწლიურად 25 მილიონ ტონა პლასტმასის შემცველ პროდუქტს აწარმოებს და აქედან მხოლოდ 30%-ის უტილიზაცია ხდება. მათ შორის დიდ პრობლემას წარმოადგენს მიკროპლასტიკები, რომლებიც იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.
„თუ ჩვენ არ შევცვლით მიდგომებს, 2050 წლისთვის, ჩვენს ზღვებსა და ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება“ - განაცხადა ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანც ტიმერმანმა. მისივე თქმით, პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარების გზა არის მისი ჯერ უტილიზაცია და შემდეგ თავიდან გამოყენება.
ევროკომისიის გეგმის თანახმად, უკვე 2030 წლისთვის ყველა სახის პლასტიკის უტილიზაცია სავალდებულო გახდება, ხოლო მიკროპლასტიკები, რომელიც აღმოაჩინეს კოსმეტიკასა და სხვა პროდუქტებში, მკაცრად გაკონტროლდება.
ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ წარმოდგენილი გეგმა ევროკავშირის მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.
კოკა კვირკველია