საკვები პროდუქტების ცნობილმა შვეიცარიულმა მწარმოებელმა კომპანია Nestle-მ მიიღო გადაწყვეტილება, ამერიკაში მოქმედი მისი ტკბილეულის ბიზნესი იტალიურ შოკოლადების მწარმოებელ კომპანია Ferrero-ს 2,8 მილიარდ დოლარად მიყიდოს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის მმართველმა, მარკ შნეიდერმა გააკეთა.
მსოფლიოს უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nestle, ამერიკაში ტკბილეულის ბაზარზე მის კონკურენტ კომპანიებს Hershey-ს, Mars Inc-სა და Lindt-ს გაყიდვებით ჩამორჩება და ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით იყო მიღებული, თუმცა კომპანია მიუთითებს, რომ კონცენტრირებას მოახდენს მეტად ჯანსაღი საბავშვო პროდუქტების წარმოებაზე, სადაც ასევე თმობს პოზიციებს.
იტალიური კომპანია Ferrero-სთვის კი აღნიშნული ბიზნესის შეძენა მომგებიანია, რადგან მას არ დასჭირდება დამატებითი დრო დახარჯოს იმაში, რომ ამერიკის ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციის ქსელი მოიძიოს.
Nutella-სა და Ferrero Rocher-ის შოკოლადების მწარმოებელი „ფერერო“ აღნიშნული გარიგების შემდეგ, ამერიკისა და მსოფლიოს მასშტაბით მესამე ყველაზე მსხვილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია გახდება.
კოკა კვირკველია