აშშ-ის ხელისუფლება გაერო-ში არსებულ სააგენტოს, რომელიც პალესტინელებს ეხმარება, დაფინანსებას უმცირებს. ამის შესახებ CNN წერს.
მათი ინფორმაციით, აშშ „გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციას“, რომელიც პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას, განათლებას, სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს, განსაზღვრული 125 მილიონი დოლარის ნახევარზე მეტს აღარ გადასცემს. საუბარია პალესტინელებზე, რომლებიც მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში, იორდანიაში, სირიასა და ლიბანში ცხოვრობენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰითერ ნაუერტის თქმით, გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო პალესტინელების „დასჯასთან“ მათი უარის გამო ისრაელთან მოლაპარაკებებზე ან პალესტინელების მიერ გაერო-ში კენჭისყრის ჩატარებასთან, რასაც აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საერთაშორისო დაგმობა მოჰყვა.
„ეს ნაბიჯი არავის დასჯისკენ არ არის მიმართული“, - განაცხადა ნაუერტმა და იქვე დასძინა, რომ აშშ აღნიშნული სააგენტოს დასაფინანსებლად მხოლოდ 60 მილიონ დოლარს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 3 იანვარს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
„ჩვენ პალესტინელებს წლიურად ასობით მილიონ დოლარს ვუხდით და შედეგად ვერ ვიღებთ პატივისცემასა და დაფასებას. მათ არც კი სურთ გრძელვადიანი მოლაპარაკებების წარმოება“, - დაწერა 3 იანვარს დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.