აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილება და სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა და აღნიშნა, რომ საქართველოში მავნებელ მწერთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს.
„აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა. საქართველოზე ბევრად ძლიერი ტექნიკური, მატერიალური და ფერმერული მეურნეობებით აღჭურვილი ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ პრობლემის აღმოფხვრას. რეალურად, მისი გაკონტროლება ხდება ისეთ სივრცეში, რაც სოფლის მეურნეობისთვის იქნება შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი და რაღაც გარკვეულ ფარგლებში მოექცევა ეს ზიანი. ჩვენი ამოცანაც არის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, მაგრამ თუ მივაღწიეთ იმას, რომ მაქსიმალურად შევამცირეთ ან გავანადგურეთ აზიური ფაროსანა, ეს იქნება ძალიან ახალი სიტყვა ამ რეალობაში და ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა ხანიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2017 წელს საქართველომ მავნებელ მწერთან საბრძოლველად გარკვეული გამოცდილება დააგროვა.
„ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური მწერთან ბრძოლა არის მაშინ, როცა მას აქვს ნიმფობის პერიოდი. ეს პოსტულატი ურყევია, სწორია და მართალია. უბრალოდ, ამან გამოიწვია ის, რომ ამინდის, კლიმატის ცვლილების გამო, ჩვენ ფაქტობრივად წამლობა დავიწყეთ მაშინ, როდესაც ნიმფობის პერიოდი იყო და ეს მოხდა 10-13 ივლისს. თხილში ჩვენ მივაღწიეთ საკმაოდ დიდი წარმატებას იმ კუთხით, რომ აზიური ფაროსანას პოპულაცია საკმაოდ დავასუსტეთ. თუმცა, თხილში შეიძლებოდა კიდევ გარკვეული წარმატებების მიღწევა, მაგრამ 20 ივლისის შემდეგ ინსექტიციდების გამოყენება პროდუქტს ღირებულებას უკარგავდა როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ამიტომ თხილში ინსექტიციდების გამოყენება შეწყდა დროის გარკვეული მონაკვეთით ადრე“, - განაცხადა ხანიშვილმა.
როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო 2018 წლიდან ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის და სამუშაო არეალად განსაზღვრავს იმ საჯარო სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელებას.
„ეს არის ის გარემო, გზისპირი იქნება თუ ა.შ. სადაც ცალკეული ფერმერი თავის ნაკვეთს ვერ დაამუშავებს, იქ სახელმწიფო ჩაატარებს ამ ბრძოლის ღონისძიებებს. სახელმწიფო არეალი არის ძალიან ფართო და აქ იგულისხმება ის სავარგულები, რომელთა დამუშავებაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოსახლეობის მიერ. აქ არის სიმინდის ყანები, რომელიც ზურგსაკიდი აპარატიებით ვერ შეიწამლება, ამიტომ, სახელმწიფო ჩაერთვება ყველა იმ საშუალებით რომელიც ექნება. მცირე სიმძლავრის აპარატებით თუ ავიაციით“, - აღნიშნა ხანიშვილმა.