„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქში ავტომობილების პარკინგის პრობლემის კომპლექსური მოგვარების საკუთარ ხედვებს სთავაზობს.
„დედაქალაქში პარკინგების პრობლემა მასშტაბურია და მისი მოგვარება მხოლოდ კომპლექსური ქმედებების შემთხვევაშია შესაძლებელი. დედაქალაქის მთავრობას ბევრი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმაც მოუწევს და ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენც გვერდში უნდა დავუდგეთ. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ვინაიდან არაჯანსაღი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებაში მთელ საზოგადოებას მიგვიძღვის წვლილი. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ სათანადო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ჩავერთოთ საკითხის მოგვარებაში“, – აცხადებენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.
ამასთან, როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ბევრ თბილისელს 90-იან წლებში ეზოში აქვს ავტოფარეხი აშენებული, თუმცა, ისინი პრაქტიკაში მოუხერხებელია და შესაბამისად, ადამიანი მანქანას სხვაგან აჩერებს და ამით ერთდროულად ორ ადგილს იკავებს. ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის ცნობით, დღეს, თვითნებურად აშენებული ავტოფარეხების დაახლოებით 80% პარკინგისთვის არ გამოიყენება და მათი უმრავლესობა უვარგისი ნივთების საწყობადაა ქცეული.
მენაშენეთა ასოციაციამ დედაქალაქის მერს საკუთარი ინიციატივა პროგრამის, „შენი იდეა მერს“ ფარგლებში წარუდგინეს. ასოციაცია პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების გამოქვეყნებას იწყებს და პროფესიონალებს ამ პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.