26 იანვრიდან სავაჭრო ცენტრის „გალერია თბილისის“ ავტოსადგომი ფასიანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო ცენტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, ჩვენი მომხმარებლებისთვის ავტოსადგომზე შემოსვლა გართულებული იყო. ამ პროცესს ისიც ართულებდა, რომ „გალერია თბილისის“ ავტოსადგომზე ავტომობილს ჩვენი მომხმარებლების გარდა, ის მოქალაქეებიც აჩერებდნენ, ვინც მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა მოგვეწესრიგებინა,“-აღნიშნავენ „გალერია თბილისში“.
რაც შეეხება ტარიფებს, დღის 10 საათიდან ღამის 10 საათამდე პერიოდში ავტომანქანის ავტოსადგომზე გაჩერებიდან 1 საათის შემდეგ, ყოველ საათზე 2.50 ლარის გადახდა მოგიწევთ; ხოლო ღამის 10 საათიდან დილის 10 საათამდე პერიოდში პარკინგი ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება.
აღსანიშნავია, რომ პარკინგის საფასურის გადახდის შემდეგ ავტომანქანის სადგომზე გაჩერება 20 წუთის განმავლობაში უფასოა და სავაჭრო ცენტრის დატოვებაც სწორედ ამ ვადაში შეგეძლებათ.
ამასთან, სავაჭრო ცენტრის ინფორმაციით, არასწორი პარკირებისთვის მოქალაქეები 15 ლარით დაჯარიმდებიან.