Youtube-ზე კონტენტის მონეტიზაციის პოლიტიკა იცვლება. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ოფიციალური განცხადება Google-მა გუშინ გაავრცელა.
კომპანიის განმარტებით, ცვლილება მომხმარებლისა და რეკლამის დამკვეთის ინტერესების დაცვას ემსახურება.
თუმცა დასავლური გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ ეს youtube-ისა და ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერის, ლოგან პოლის ირგვლივ ატეხილ სკანდალს უკავშირდებოდეს. 2017 წლის მიწურულს, ბლოგერმა youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გაავრცელა, რომელიც იაპონიის ცნობილ აოკიგაჰარას ტყეში იყო გადაღებული. ჩანაწერში გარდაცვლილი ადამიანი იყო ნაჩვენები, რომელმაც, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვიდეორგოლი სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. youtube-მა ბლოგერთან თანამშრომლობა შეწყვტა, მიუხედავად იმისა, რომ მან ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
კონკრეტულად რა შეიცვლება youtube-ზე ?
აქამდე საპარტნიორო პროგრამაში მონაწილეობისთვის არხს 10 ათასი ნახვა უნდა ჰქონოდა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, კი აღნიშნული წესები მკაცრდება და YouTube-ზე განთავსებული ვიდეოდან გარკვეული შემოსავლის მისაღებად, არხი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
• უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, 1000 გამომწერი
• უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში არხს უნდა ჰქონდეს, ჯამში, 4 000-საათიანი ნახვა.
• უკვე არსებული არხების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდება.
წყარო: allnews.ge