"კვლევის თანახმად, საავიაციო სექტორში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით დარღვევები იკვეთება"

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB GEORGIA საქართველოს მთავრობას მიმართავს, მოხდეს საქართველოს ავიაციის პოლიტიკის გადახედვა.

ამასთან დაკავშირებით კომპანიამ HUB GEORGIA-საქართველოს საავიაციო პოლიტიკის კვლევის ორი ეტაპი წარადგინა, სახელწოდებით „საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება“ , შუალედური ანგარიში.

როგორც პრესკონფერენციაზე HUB GEORGIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ განაცხადა, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგი დარღვევები არსებობს საქართველოს საავიაციო სექტორში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება კერძო ავიაკომპანიების სუბსიდირება, რაც თავისუფალი ეკონომიკისა და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს არღვევს. ურუშაძის თქმით, საქართველოს საავიაციო პოლიტიკაში პრობლემები იკვეთება მგზავრთა უსაფრთხოებაზეც.

HUB GEORGIA-ს მტკიცებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ორჯერ დაარღვია საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნებს უფლებას ანიჭებს შიდა ფრენების განხორციელებაზე ლიცენზია უცხოურ კომპანიაზე არ გასცენ.

„მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეალურად დაარღვია ჩიკაგოს საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლი და უცხოურ ავიაკომპანიებს უკვე მეორედ მისცა უფლება, რომ საქართველოში შეასრულოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმის მიმართულებით. მდგომარეობა კი კიდევ უფრო რთულია, როცა ამ ფრენებს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და რეალურად ფრენები, რომელსაც ასრულებს უცხოური ავიაკომპანია არის სუბსიდირებული საქართველოს ბიუჯეტის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ დარღვევებიდან გამომდინარე ვართ, ძალიან დიდი რისკის ქვეშ, რომლითაც მომავალში საქართველო შესაძლოა, კვლავ „შავ სიაში“ აღმოჩნდეს. რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ავიაციის განვითარებას, ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ასეთი დარღვევები ზიანს აყენებს ქვეყნის პრესტიჟს საერთაშორისო დონეზე, იმიტომ რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ავიაციის სექტორში პირდაპირ გასცემს რეკომენდაციებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიების დაფინანსება არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს. მაშინ როცა ჩვენ ქვეყანაში ვაფინანსებთ, უცხოურ კომპანიებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით, სხვა ქართული ავიაკომპანიები ამ ფრენებს კომერციულად ასრულებენ, წარმოუდგენელია ვისაუბრო რაიმე ეკონომიკურ და ჯანსაღ პრინციპებზე“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

ამასთან, HUB GEORGIA-ს წევრი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის საჭიროა ქვეყანას გააჩნდეს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, ინფრასტუქტურის განვითარება და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია.