ძლიერი ვარდნის შემდეგ, ბიტკოინის ფასმა დღეს აღმასვლა დაიწყო. გუშინ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 9 500 დოლარს ჩამოსცდა, რაც ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტებით ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა გამოიწვია. დღეს კი ციფრული ვალუტების ბაზარზე გამოცოცხლებაა - თითქმის ყველა ვალუტამ ზრდა დაიწყო.
ბიტფაინექსის პლატფორმაზე გუშინ ბიტკოინის ფასი 9 231.0 დოლარამდე დაეცა, რაც 30 ნოემბრის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია, დაახლოებით ორჯერ ნაკლებია პიკურ ფასზე (19 891 დოლარი), რომელიც 17 დეკემბერს დაფიქსირდა (სხვა პლატფორმებზე ფასი 20 000-საც კი ასცდა). დღეს კი ბიტკოინის ფასმა 9.13 პროცენტით მოიმატა და 11 228 დოლარს მიაღწია.
დღევანდელი ფასის შესაბამისად, ბიტკოინის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 192 მილიარდი დოლარია, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 30 მილიარდით მეტია. ამ ზრდას რაიმე ინფორმაციული საფუძველი არ გააჩნდა. უბრალოდ, ბიტკოინს და ზოგადად ციფრულ ვალუტებს, ღრმა ვარდნის შემდეგ, მკვეთრი ზრდა ახასიათებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლების ფაზა დასრულებულია.
ძლიერი რყევა სხვა პოპულარულ კრიპტოვალუტებზეც გავრცელდა. ეთერიუმი, რომელიც კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი ვალუტაა, 1 000-დოლარიან ზღვარს ასცდა. არადა, გუშინ 770.10 დოლარამდე იყო დაცემული. რიპლი, რომელიც კაპიტალიზაციის მოცულობით მესამე ადგილზეა, 1.4 დოლარამდე გაიზარდა, რაც მის გუშინდელ ფასზე 25 პროცენტით მეტია.
„კეპიტალ ეკონომიკსის“ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბიტკოინის ფასის ვარდნას, ბუშტის გახეთქვის ეფექტი აქვს. და რადგან მისი ფასი დაახლოებით ათჯერ მეტია იმ ფასზე, რომელიც ერთი წლის წინ დაფიქსირდა, ადვილი შესაძლებელია, რომ ვარდნა კვლავ განახლდეს. მათი აზრით, ბევრი ინდივიდუალური ტრეიდერი ცდილობს, რომ ბიტკოინი ფსიქოლოგიური ზღვარის (10 000 დოლარი) სიახლოვეს შეისყიდოს, რაც ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. ამის კვალობაზე კი ფასიც იზრდება. მაგრამ ფუნდამენტურ ფონს, სიტუაციის კვლავ შეცვლა შეუძლია, რაც ვარდნის გაგრძელებას გამოიწვევს.