გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა

გასული წლის დეკემბერში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40,045 მილიონი ლარით გაიზარდა.

კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 152,563 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წლის დეკემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 112,518 მილიონი ლარი იყო. ამასთან, 2017 წლის დეკემბერში ბანკების შემოსავლებმა 403,272 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 228,030 მილიონი ლარი შეადგინა.

გასული წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,891 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 35,677 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ბანკებმა 21,748 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ჯამში, გასული წლის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.