ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სახელფასო კომპონენტის შემცირება იგეგმება

უწყებების ხელმძღვანელებს აქვთ დრო, რომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურები შექმნან და უკვე ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ პარამეტრებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჯარო უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2016 წელთან შედარებით, გასულ წელს მარტო სახელფასო ნაწილში ეკონომიამ შეადგინა 104 მილიონი ლარი და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებშიც ასევე იყო მნიშვნელოვანი ეკონომია 40 მილიონი ლარის ოდენობით.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელფასო შემადგენელ ნაწილზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევადაროთ მთლიან შიდა პროდუქტს. 2016 წლის მონაცემებით, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 5.2%-ს, 2017 წელს ჩვენ შევძელით და ეს პარამეტრი ჩამოვწიეთ 4.4%-მდე. წელს გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური ამოცანა, რომ 4%-ის ფარგლებში იყოს ეს მაჩვენებელი. შესაბამისად, უწყებებსაც აქვს აღნიშნული პარამეტრი მიცემული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, როდესაც შევიკრიბებით, ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება კიდევ უფრო მეტი პროგრესი. როგორც პრემიერმა პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს აღნიშნა, უწყებების ხელმძღვანელებს აქვთ დრო, რომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურები შექმნან და უკვე ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ პარამეტრებზე, თუმცა რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ამოცანაა, რომ სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს 4%-ის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.