როდესაც ხდება აქციზის ზრდა, მას ყოველთვის თან ახლავს გამოწვევები, თუმცა სამართალდამცველებს აქვთ ძალიან ეფექტური გრაფიკი და სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზრდილია თამბაქოს კონტრაბანდა.
„მე თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ორი შეხვედრა მქონდა დეკემბერში. ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ ამ სექტორში არსებული ვითარება და სიმართლე გითხრათ, მათი მხრიდან ასეთი აქცენტი არ გაკეთებულა. ვინაიდან ჩვენ ზედმიწევნით კარგად ვსწავლობთ სტატისტიკას“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ხდება აქციზის ზრდა, მას ყოველთვის თან ახლავს გამოწვევები, თუნდაც შესაძლოა გაიზარდოს კონტრაბანდა, თუმცა სამართალდამცველებს აქვთ ძალიან ეფექტური გრაფიკი და სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით.
„ჩვენ შეგვიძლია თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ ფისკალურ ნაწილზე ამას არანაირი ნეგატიური მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა რა თქმა უნდა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, ფორმულები, რითაც ხდება შეფასება, რომ როდესაც აქციზის ზრდა ხდება რა მოლოდინებია მისი მოხმარების შემცირებაში და ჩვენი სტატისტიკა თითქმის 100%-ითაა მიახლოებული ამ საერთაშორისო პრაქტიკასთან. ასე, რომ კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური საზღვრები საკმაოდ ეფექტურად კონტროლდება“, - განაცხადა ბახტაძემ.