მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია

გუდაურის მიმართულებით გზის ჩაკეტვის გამო, მლეთაში ათეულობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც რამდენიმე კილომეტრიანი საცობია შექმნილი.

გადაადგილებას ვერ ახერხებენ, როგორც დამსვენებლები, ასევე ტრანზიტული სატვირთო ავტომობილები.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების მიზეზი მლეთასთან ჩამოწოლილი ზვავი და ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექი გახდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, თუ გაწმენდითი სამუშაოების პროცესში რაიმე ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა, გუდაურისკენ მიმავალი გზა დღის განმავლობაში გაიხსნება.

გუდაურიდან ლარსის მიმართულებით საავტომობილო გზაზე კი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზვავსაშიშროება აქვს გამოცხადებული. იქამდე, სანამ ზვავსაშიშროება არ მოიხსნება, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იქნება.